პოლონეთი: ორმა ბელორუსულმა ვერტმფრენმა ქვეყნის საზღვარი დაარღვია
1 აგვისტოს ორმა ბელორუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საზღვარი დაბალ სიმაღლეზე გადაკვეთა. ამ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დღეს, 2023 წლის 1 აგვისტოს, ორი ბელორუსული შვეულმფრენის მიერ დაირღვა პოლონეთის საჰაერო სივრცე, რომლებიც საზღვართან წვრთნებს ატარებდნენ. ბელორუსულმა მხარემ წინასწარ აცნობა პოლონურ მხარეს წვრთნების შესახებ," - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთმა განმარტა, რომ დარღვევა სოფელ ბელოვეჟთან მოხდა, მაშინ როცა ვერტმფრენები "ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდნენ, რაც ართულებდა მათ სარადარო სისტემებით აღმოჩენას."
"ამიტომ, დილის განცხადებაში შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ აღნიშნა, რომ პოლონეთის სარადარო სისტემებმა ვერ დააფიქსირეს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა," - განმარტეს სამინისტროში.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ საზღვარზე მებრძოლების რაოდენობის გაზრდის, დამატებითი ძალებისა და საშუალებების გაგზავნის ბრძანება მიიღო.
"ნატო ინფორმირებული იყო ინციდენტის შესახებ. გარდა ამისა, [სახალხო უსაფრთხოებისა და თავდაცვის] კომიტეტი შეთანხმდა, რომ ბელორუსის საქმეთა დროებითი რწმუნებულს დაიბარებენ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მომხდარის ასახსნელად. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ბელორუსმა ჰიბრიდული აქტივობები დაიწყეს პოლონეთის წინააღმდეგ," - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთის ხელისუფლება მომხდარს პროვოკაციად მიიჩნევს.