ბელგრადში ისრაელის საელჩოსთან პოლიციელს არბალეტით დაესხნენ თავს
29 ივნისს, 25 წლის მამაკაცმა არბალეტიდან ესროლა სერბ პოლიციელს, რომელიც ისრაელის საელჩოს იცავდა. საპასუხოდ პოლიციელმა ცეცხლი გახსნა და თავდამსხმელი მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
ამის შესახებ სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
დაშავებულ პოლიციელს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდასხმას ტერორისტული აქტი უწოდა. დაჩიჩის თქმით, პოლიციელს ესროლა მამაკაცმა, რომელიც ნოვი პაზარში ცხოვრობდა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ბოსნიელი მუსლიმები არიან. როგორც სააგენტო Tanjug აღნიშნავს, სერბეთის ხელისუფლება განიხილავს ვერსიას, რომ თავდამსხმელი ვაჰაბიზმის მიმდევარი იყო.
"ამაზრზენი ტერაქტი" დაგმო სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმაც და აღნიშნა, რომ "სერბეთს შეუძლია გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის საფრთხეზე."
ტერაქტის მცდელობის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან, თავად საელჩო კი დროებით დაკეტილია.