ბერბოკმა კოლესნიკოვას დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მოითხოვა სასწრაფოდ გაათავისუფლონ ბელარუსი პოლიტპატიმარი, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი მარია კოლესნიკოვა, რომელიც რეანიამაციაში იმყოფება.
"ბელარუსის რეჟიმმა უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის. დემოკრატიისადმი მისი ერთგულება დანაშაული არ არის", - აღნიშნა ბერბოკმა.
30 ნოემბერს, ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვიქტარ ბაბარიკას შტაბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კოლესნიკოვა "გომელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა".
მოგვიანებით, კოლესნიკოვას დამ, ტატიანა ხომიჩმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ოპოზიციონერი "საავადმყოფოში გადაიყვანეს ქირურგიული პათოლოგიით და მას ოპერაცია 28 ნოემბერს გაუკეთეს".
"ახლა ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, მცირე გაუმჯობესებით. ხვალ ქირურგიულ განყოფილებაში უნდა გადაიყვანონ", - განაცხადა ხომიჩმა.
ბაბარიკოს შტაბში აცხადებენ, რომ მანამდე კოლესნიკოვა საკანში მოათავსეს. მისი თქმით, 29 ნოემბერს ადვოკატს "არ მიეცა კოლონიაში მარიას ზედიზედ მესამედ ნახვის უფლება", რაც იმით ახსნა, რომ მას შესაბამისი განცხადება არ შეუტანია.
DW-ს ყოფილმა პოლიტპატიმრებმა განუცხადეს, საკანი არის ცივი, სადაც ადამიანებს თბილი ტანსაცმლის, ლეიბების, ბალიშებისა და საბნების გარეშე ათავსებენ. დღისით პატიმრებს არც დაწოლა შეუძლიათ და არც ჯდომა.
მარია კოლესნიკოვა ორ წელზე მეტია ციხეშია, მას ეკრძალება კოლონიაში სხვა პატიმრებთან ურთიერთობა და მას ყოველთვის მეთვალყურეობს მცველი.
კოლესნიკოვა სასჯელს გომელის მე-4 ქალთა კოლონიაში იხდის.
კონტექსტი
მუსიკოსი მარია კოლესნიკოვა, რომელიც შტუტგარტში 12 წელი ცხოვრობდა, ბელარუსში 2020 წელს დაბრუნდა. ის ყოფილი ბანკირის, საპრეზიდენტო კანდიდატის ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის კოორდინატორი იყო. ბაბარიკოს დაკავების შემდეგ ის "ოპოზიციურ სამეულს" შეუერთდა და სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეფკალასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
კოლესნიკოვა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით წაუყენეს ბრალი - საჯარო მოწოდებები ქმედებებისკენ, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას, შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით ხელში ჩაგდების მიზნით და ექსტრემისტული დაჯგუფების შექმნა.
2021 წლის სექტემბერში კოლესნიკოვას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2021 წლის დეკემბრის ბოლოს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ დახურულ სხდომაზე კოლესნიკოვას განაჩენი ძალაში დატოვა. მაისში ბელარუსის კგბ-მ ის ე.წ. "ტერორისტთა სიაში" შეიყვანა.