ბესლანის ტერაქტისას გადარჩენილებმა ნავალნისთან სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს
საზოგადოებრივი კომიტეტის ბესლანის ხმის თანათავმჯდომარემ, ელა კესაევამ და ბესლანის ტერაქტის დროს დაზარალებულმა კიდევ 4 მოქალაქემ ალექსეი ნავალნისთან სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ Новая газета ავრცელებს.
"ახლა, როდესაც ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობა კრიტიკულ მდგომარეობაშია, შეუძლებელია ჩვენ გვერდით გავდგეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი [ნავალნი] მძევლად აიყვანეს და მას ბოლომდე ანადგურებენ. 2004 წელს ჩვენი შვილებიც მძევლად აიყვანეს, მაშინ ისინი არ გადაარჩინეს. ჩვენ გავიარეთ ასობით სასამართლო მხოლოდ იმიტომ, რომ საბოლოოდ გაგვეგო, რომ რუსეთში სასამართლო არ არსებობს",- ამბობს ელა კესაევა.
კესაევას გარდა შიმშილობა გამოაცხადა ბესლანის ტერაქტის დროს დაზარალებულმა კიდევ ოთხმა მოქალაქემ - ზემფირა ცირიხოვამ, ბორის ილიინმა, ზარინა კესაევამ და ზამირა კოკოევამ. აქციის მონაწილეების თქმით, ტერაქტიდან მალევე ისინი ითხოვდნენ დამნაშავეების დასჯას და აფრთხილებდნენ ყველას თუ რა შეიძლება მოიტანოს დამნაშავეების დაუსჯელობამ. ელა კესაევას თქმით, სწორედ ნავალნია ის ადამიანი, რომელმაც შეძლო მილიონობით ადამიანისთვის დაენახვებინა, თუ რას წარმოადგენს პუტინის ხელისუფლება.
"მან [ნავალნიმ] აჩვენა, რომ არ უნდა შეგვეშინდეს, რომ უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება და სამოქალაქო პოზიცია, გაჩუმება ნიშნავს საკუთარი თავისა და ჩვენი შვილების მომავლის ღალატს",- ამბობს კესაევა.
კოლონიაში გადაყვანის შემდეგ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. თავდაპირველად, ალექსეი ნავალნი ზურგის ტკივილებზე იტყობინებოდა, რომელიც მოგვიანებით ფეხის ტკივილებში გადაიზარდა და მისი პირადი ექიმის თქმით, ნავალნი ყოველდღიურად კარგავდა მგრძნობელობას მარჯვენა ფეხზე.
ერთ-ერთ წერილში ნავალნიმ კოლონიას, რომელშიც იმყოფება მეგობრული საკონცენტრაციო ბანაკი უწოდა. ამავე პოსტში ნავალნი წერდა, რომ მას ღამით საათში ერთხელ აღვიძებდნენ და არ აძლევდნენ ძილის საშუალებას. ნავალნი მოითხოვდა მასთან მისი პირადი ექიმის დაშვებას და შესაბამის მკურნალობას, სწორედ ამ მოთხოვნით პოლიტიკოსმა 31 მარტს შიმშილობა გამოაცხადა.
შიმშილობის გამოცხადებასთან ერთად, ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ექიმების შეფასებით ნავალნი შესაძლოა უახლოეს დღეებში გარდაიცვალოს. დღეს, 19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი კოლონიიდან რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელიც პატიმრებისთვის არის განკუთვნილი.
ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილმა ადამიანებმა და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ნავალნის შესახებ განცხადებები გააკეთეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმაც. ნავალნისთან ექიმის დაშვება მოითხოვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხოლო მისმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალების შემთხვევაში აშშ მკაცრად ირეაგირებს.