ბრაზილიის არჩევნები: გამოკითხვებში ყოფილი პრეზიდენტი მოქმედს დიდი უპირატესობით უსწრებს

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა მოქმედ ლიდერ ჟაირ ბოლსონარუს დიდი უპირატესობით უსწრებს.

ფონდ FSB Pesquisa-ს ჩატარებული კვლევის თანახმად, მემარცხენე შეხედულებებით ცნობილი ლულა ბრაზილიელების 43 პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს, ულტრამემარჯვენე ხედვებით გამორჩეული ბოლსონარუ - 29 პროცენტის.

ლათინური ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება.

მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 2018 წელს კორუფციასთან ბრძოლის დაპირების გამო აირჩიეს, გასულ წელს შიდა პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოექცა.

ბრაზილიის სენატი ბოლსონარუს მთავრობის მიერ პანდემიის „დაუდევრად“ მართვას იძიებს. ბოლსონარუს კორონავირუსის საფრთხის უგულებელყოფაში და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის კრახში ადანაშაულებენ.

შარშან სასამართლომ ლულას, რომელიც კორუფციაში ბრალდების გამო სასჯელს იხდიდა, წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ლულას საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ წამოუყენებია.

მსგავსი სიახლეები