ბრიტანეთის მეფე ჩარლზი საფრანგეთსა და გერმანიას ეწვევა
ბუკინგემის სასახლემ პარასკევს განაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III თავისი პირველი სახელმწიფო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიას ამ თვის ბოლოს ეწვევა. ამის შესახებ Politico წერს.
ბრიტანეთის მონარქი, რომელიც ტახტზე შარშან, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა, პარიზში და შემდეგ ბერლინში 26 მარტს, ექვსდღიანი ვიზიტით გაემგზავრება.
ვიზიტისას მასთან ერთად იქნება დედოფალი კონსორტი კამილა.
ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ვიზიტით "აღინიშნება გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობა საფრანგეთთან და გერმანიასთან, საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები."
ვიზიტები ბრიტანეთის მთავრობის მოთხოვნით, საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტების მოწვევის შემდეგ დაიგეგმა.
სამეფო წყვილის დღის წესრიგი მოიცავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად ტრიუმფალური თაღის გვირგვინით შემკობას და გერმანიის ბუნდესტაგში გამოსვლას.
"მისი უდიდებულესობა შეხვდება უკრაინიდან ახლახან ჩამოსულ ლტოლვილებს და მოისმენს გერმანიის მხარდაჭერის შესახებ", - თქვა ბუკინგემის სასახლემ გერმანიაში მისი ვიზიტის შესახებ.