ბუდანოვი: ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება

დროებით ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია, დიდი ალბათობით, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა The Drive-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალისხმევა მიმართულია ქალაქის ალყაში მოქცევაზე, საოკუპაციო არმიის ნაწილების იქ იზოლირებაზე.

"დიდი ალბათობით, ხერსონის გათავისუფლების ოპერაცია მომდევნო თვის ბოლომდე გაგრძელდება... სწორედ ამას ვცდილობთ. გარეგნულად ისინი წინააღმდეგობას გვიწევენ. ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ ჩვენს წინსვლას და თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ბრძოლები ყოველდღიურად მიმდინარეობს", - განაცხადა მან.

დაზვერვის ხელმძღვანელი დაეთანხმა The Drive-ის კორესპონდენტის აზრს, რომ ხერსონისთვის ბრძოლები "სისხლიანი" იქნება. ბუდანოვის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ რეგიონული ცენტრის დეოკუპაცია "ბრძოლის გარეშე არ მოხდება".

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ხერსონში მტერმა შეკრიბა ამ დროისთვის ყველაზე გაწვრთნილი და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფილი ნაწილები. დაზვერვის წინასწარი შეფასებით, რუსეთის არმიის დაჯგუფება სამხრეთ მიმართულებით დღეს დაახლოებით 40 ათასი ადამიანია.

ბუდანოვმა განაცხადა, რომ ეს არის სადესანტო ძალები, სპეცრაზმი და საზღვაო ქვეითები. მათ გასაძლიერებლად ხერსონის რაიონში მობილიზებული ხალხიც იგზავნება.

მსგავსი სიახლეები