ჩავუშოღლუ: თურქეთი "მარცვლეულის შეთანხმების" გახანგრძლივებაზე მუშაობს
ანკარა "მარცვლეულის შეთანხმების" გახანგრძლივებაზე მუშაობს, რომელიც უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის საშუალებას იძლევა.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 5 მარტს, გაეროს ნაკლებად განვითარებული ქვეყნების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც კატარში, დოჰაში იმართება.
მისი თქმით, თურქეთი "ყველა ღონეს ხმარობს შავი ზღვის "მარცვლეულის შეთანხმების" შეუფერხებლად განხორციელებისა და შემდგომი გაფართოებისთვის."
მან აღნიშნა, რომ შეთანხმების გახანგრძლივებაზე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან ისაუბრა.
"მარცვლეულის შეთანხმება", რომლითაც შესაძლებელი გახდა უკრაინის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განბლოკვა, ბოლოს 2022 წლის ნოემბერში 120 დღით გაგრძელდა.