კუნძულის შესყიდვაზე ტრამპის განცხადებების შემდეგ, დანია გრენლანდიის დაცვას აძლიერებს
აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმეჯერ დაწერა, რომ კუნძულ გრენლანდიის შეძენა სურს. მისი ბოლო განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, დანიის მთავრობამ გრენლანდიისთვის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა გამოაცხადა.
ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა თქვა, რომ თავდაცვის პაკეტი "ორნიშნა მილიარდია" კრონებში, ან მინიმუმ 1.5 მილიარდი დოლარი.
მან განცხადების გაკეთების დროს "ირონიული" უწოდა, რადგან ტრამპმა ორშაბათს აღნიშნა, რომ უზარმაზარი კუნძულის ფლობა და კონტროლი შეერთებული შტატებისთვის "აბსოლუტური აუცილებლობაა."
დანიის ავტონომიური ტერიტორია გრენლანდია მთავარი ამერიკული კოსმოსური ობიექტია და სტრატეგიული მნიშვნელობისაა შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის ევროპასთან ახლოს არის, ასევე კუნძულზე არის მინერალებისა და ნავთობის დიდი მარაგი.
პოულსენის თქმით, პაკეტის ფარგლებში კუნძულის დასაცავად შეიძენენ ორ ახალ საინსპექციო ხომალდს და ორ ახალ შორ დისტანციაზე მოქმედ თვითმფრინავს. ის ასევე მოიცავს დაფინანსებას არქტიკის სარდლობის პერსონალის გასაზრდელად გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში და გრენლანდიის სამი ძირითადი სამოქალაქო აეროპორტიდან ერთ-ერთის განახლებას F-35-ის ზებგერითი მოიერიშე თვითმფრინავებისთვის.
"ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში არასაკმარის თანხებს ვხარჯავდით არქტიკაში, ახლა ვგეგმავთ ჩვენი ყოფნის გაძლიერებას," - თქვა მან.
თავდაცვის მინისტრმა არ დაასახელა პაკეტის ზუსტი თანხა, მაგრამ დანიური მედიის შეფასებით, ეს იქნება დაახლოებით 12-15 მილიარდი დანიური კრონი.
მან ეს განცხადება ერთი დღის შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე Truth Social-ზე დაწერა: "იმისთვის, რომ ეროვნული უსაფრთხოება და მთელ მსოფლიოში თავისუფლება უზრუნველვყოთ, ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ გრენლანდიის ფლობა და კონტროლი აბსოლუტური აუცილებლობაა."
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუნე ეგედემ ტრამპის კომენტარებს უპასუხა: "ჩვენ არ ვიყიდებით."
მაგრამ მან აღნიშნა, რომ გრენლანდიელები ღია უნდა იყვნენ თანამშრომლობისა და ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით მათ მეზობლებთან.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გრენლანდიის თავდაცვის გაძლიერების გეგმა დიდი ხანია განიხილება და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც პირდაპირი პასუხი ტრამპის განცხადებებზე.