დანილოვი: მოსკოვის დიქტატორის დაპატიმრების ორდერი პუტინის ისტორიიდან წაშლაა
უკრაინის თავდაცვის ძალები იქნებიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განსასჯელის სკამზე მიყვანის გარანტი.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა 17 მარტს Twitter-ზე დაწერა, სადაც კომენტარი გააკეთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებაზე პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.
"მოსკოვის დიქტატორის დაკავების ორდერი სხვა არაფერია, თუ არა პუტინის ისტორიიდან წაშლა. კრიმინალის გზა ბუნებრივი და პროგნოზირებადია. განსასჯელის სკამზე მიყვანის გარანტი უკრაინის თავდაცვის ძალებია", - წერს დანილოვი.
დანილოვმა ასევე პუტინს "მანიაკი" უწოდა.
"პუტინის ბრძანებით, უკრაინის ტერიტორიაზე ფიზიკურად მოკლეს 500 ბავშვი, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში, არ ჰქონდათ კავშირი იმ აბსურდთან, რომელიც რუსეთის ფედერაციაში გამოიგონეს. პუტინი არის სერიული მკვლელი, ის არის მანიაკი. რატომ მანიაკი? მანიაკი არის მკვლელი, რომელიც არაერთხელ კლავს და ტკბება ამით", - განაცხადა დანილოვმა.
14 მარტს, უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 464 ბავშვი დაიღუპა, 925-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის დაზიანებები. პროკურატურის განცხადებით ეს ჯერ არ არის საბოლოო მონაცემი.
კონტექსტი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.
პუტინთან ერთად გამოიცა მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერიც, რომელიც ბავშვთა უფლებების საკითხში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია. პუტინს და ბელოვას უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ ბრალი.
სასამართლოს წინ უძღოდა გაეროს სპეციალური საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შესაძლოა სამხედრო დანაშაულად ჩაითვალოს.