დოჰაში აშშ-ს და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

კატარის დედაქალაქში აშშ-ს და ირანის დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების აღდგენას ეხება, უშედეგოდ დასრულდა.

„მოლაპარაკებებმა ვერ გამოიღო ის შედეგები, რასაც ვიმედოვნებდით“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა ენრიკე მორამ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ირანმა „ევროკავშირის ინიციატივას“ ანგარიში არ გაუწია, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა.

თეირანს და ვაშინგტონს შორის დიალოგი სამშაბათს, ირანში ევროკავშირის წამყვანი დიპლომატის ვიზიტის შემდეგ განახლდა.

მოლაპარაკებებში ამერიკის და ირანის სპეციალური წარმომადგენლები, რობ მალი და ალი ბაღერი ქანი მონაწილეობდნენ.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მხარეები „დიალოგის გაგრძელების შესახებ იმსჯელებენ“.


გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ივნისის დასაწყისში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ ( IAEA) განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მონიტორინგის სქემით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

უწყების ინფორმაციით, თეირანმა ბირთვული ინფრასტრუქტურის პუნქტებზე 27 მონიტორინგის კამერის დემონტაჟი განახორციელა.

ირანმა ფორდოუს და ნათანზის სადგურებზე მაღალი კალიბრის ცენტრიფუგები განათავსა.

სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანის ქმედებამ ბირთვულ შეთანხმებას „სასიკვდილო დარტყმა“ შეიძლება მიაყენოს.

ირანს ურანის მარაგები 60 პროცენტამდე აქვს გამდიდრებული. ჩვეულებრივ, ბირთვული ბომბის დასამზადებლად 90 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანს იყენებენ. 

მსგავსი სიახლეები