ევროკავშირი და ირანი ჩიხში შესული ბირთვული მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და ირანი ბირთვული მოლაპარაკებების განახლებაზე შეთანხმდნენ, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა ჩიხშია შესული.

შეთანხმების მიღწევა თეირანში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის ვიზიტს მოჰყვა.

ირანი ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის ნაცვლად აშშ-სგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერიტორისტების სიიდან ამოღებას ითხოვს.

„განახლებული მოლაპარაკებები პრობლემური საკითხების გადაჭრას დაისახავს მიზნად“, - განაცხადა ბორელმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ამირ აბდოლაჰიანთან შეხვედრის შემდეგ.

ივნისის დასაწყისში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ ( IAEA) განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მონიტორინგის სქემით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

უწყების ინფორმაციით, თეირანმა ბირთვული ინფრასტრუქტურის პუნქტებზე 27 მონიტორინგის კამერის დემონტაჟი განახორციელა.

ირანმა ფორდოუს და ნათანზის სადგურებზე მაღალი კალიბრის ცენტრიფუგები განათავსა.

სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანის ქმედებამ ბირთვულ შეთანხმებას „სასიკვდილო დარტყმა“ შეიძლება მიაყენოს.

ირანს ურანის მარაგები 60 პროცენტამდე აქვს გამდიდრებული. ჩვეულებრივ, ბირთვული ბომბის დასამზადებლად 90 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანს იყენებენ.


გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

მსგავსი სიახლეები