2024 წლის 28 ოქტომბერს ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვია და ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ხელისუფლებისთვის, უნგრეთის პრემიერი ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ იქცა.
ქართული ოცნების ლიდერები არ ამბობენ, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. მათ წარმოსახვაში არსებობს განსხვავებული ევროკავშირი, რომლის სათავეშიც ოდესღაც ორბანი, ფიცო და სხვა ევროსკეპტიკოსი და ქართული ოცნების გაგებით "ტრადიციული ღირებულებების" მქონე პოლიტიკოსები მოდიან და მათ შეაქვთ წვლილი "შეცვლილ ევროკავშირში" ჩვენს ინტეგრაციაში.
რეალობა კი სულ სხვაა, 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ულტრამემარჯვენე ძალებს ზრდა ჰქონდათ, მაგრამ ევროპარლამენტის უდიდეს პარტიად ისევ "ევროპის სახალხო პარტია" დარჩა და უმრავლესობა კვლავ მეინსტრიმული ძალების ხელშია. ქართული ოცნება კი მისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, რისი ბოლო მაგალითიც უკიდურესად არათანაბარ გარემოში, დარღვევებით ჩატარებული არჩევნებია, რომელიც ევროკავშირის თითქმის არცერთმა სახელმწიფომ არ აღიარა.
არჩევნებამდეც და განსაკუთრებით 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპელი ლიდერები თუ საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია შეჩერებულია.
7 ნოემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს: "სანამ საქართველო არ გადახედავს და არ გაატარებს ხელშესახებ რეფორმებს, მათ შორის გააუქმოს ახლახან მიღებული კანონი [რუსული კანონი], რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენს მხარს არ დავუჭერთ საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყებას."
გარდა ამისა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ "მთავრობის მოქმედების შედეგად საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, გულსატკენია, რომ მიახლოების ნაცვლად, ქვეყანა ევროკავშირს შორდება."
ამის პარალელურად ქვეყანაში ვიქტორ ორბანი ჩამოდის, ევროკავშირს აკრიტიკებს და ქართული ოცნების ნარატივებს იმეორებს.
ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე, რაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა უპასუხა: "ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო."
ანტიდასავლური განცხადებებით და "ღირსებით" ევროპისკენ სვლაში ორბანი ოცნების მცირერიცხოვან მხარდამჭერებს შორის ერთადერთი ნამდვილად არ არის.
ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანს საქართველოში დიდი ხანია იცნობენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი წესით ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი ფიგურა უნდა იყოს, რადგან უნგრეთი არც მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და არც სხვა თვალსაზრისით გვაქვს განსაკუთრებული კავშირი. მაგრამ ვიქტორ ორბანი საქართველოს მოქალაქეებს ჯერ როგორც მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი ახსოვთ, ხოლო ახლა ის ქართული ოცნების თანამოაზრე და იდეოლოგიური მოკავშირეა.
ვიქტორ ორბანი და მიხეილ სააკაშვილი
უნგრეთის პრემიერი საქართველოს 2012 წლის სექტემბერში, გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე ეწვია, მან ქუთაისის სტადიონზე შეკრებილ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს მიმართა და სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
"ნება მომეცით, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და უნგრელი ხალხის სალამი გადმოგცეთ თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხის მიმართ… თუ თქვენ საკმაოდ მტკიცედ ხართ ჩამოყალიბებულები, თუ გჯერათ თქვენი ხელისუფლების, მხარს უჭერთ თქვენს მთავრობას და პრეზიდენტს, თქვენ შეძლებთ იყოთ წარმატებული," - თქვა ორბანმა.
უნგრეთის ლიდერმა სააკაშვილთან მეგობრობა ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც გააგრძელა. საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, ბევრი მათგანი წლების განმავლობაში ბუდაპეშტში ცხოვრობდა და პოლიტიკური დევნილის სტატუსიც ჰქონდა, მათ შორის, ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს.
2014 წლის 27 მარტს, შემდგომში კი 2014 წლის 28 ივლისს საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით უწყებაში დაიბარა. ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე არ მივიდა, იმავე დღეს კი პროკურატურამ მას 7 ნოემბრის საქმეზე პირველი ბრალი წაუყენა. ამ პერიოდში სააკაშვილ-ორბანის მეგობრობა ისევ მყარი იყო და უნგრეთის პრემიერმა მის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა არ დააყოვნა.
2014 წლის 30 ივლისს ორბანმა სააკაშვილთან ერთად, მისი სასახლის აივნიდან მიმართა ქართულ ოცნებას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება დაგმო.
"მხარს ვუჭერ მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გაერთიანებას. ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ერთი პოლიტიკური ოჯახის [ევროპის სახალხო პარტიის] წევრი. ვგმობ და ვეწინააღმდეგები ყოველგვარ ზეწოლასა და დევნას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არ არის გზა მომავლისკენ." - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
თუმცა, ეს ურთიერთობა მუდმივი არ აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ვიქტორ ორბანი უფროდაუფრო დაუპირსპირდა ევროკავშირს, მისი რიტორიკა ევროსკეპტიკური, ანტიმიგრაციული და ანტილიბერალური გახდა. 2017 წელს ორბანმა რუსული კანონის მსგავსი კანონი მიიღო, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს ზღუდავდა. მოგვიანებით, ეს კანონი მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გააუქმა.
ორბანის და მისი პარტიის რადიკალიზაციამ და მისი ხელისუფლების ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა პარტია "ფიდეშის" იზოლაციასაც შეუწყო ხელი. 2019 წლის 20 მარტს მემარჯვენე ცენტრისტულმა "ევროპის სახალხო პარტიამ" მათ წევრობა შეუჩერა, ხოლო 2021 წლის 3 მარტს "ევროპის სახალხო პარტიის" საპარლამენტო ჯგუფმა შიდა წესდება შეცვალა და "ფიდეშის" მთელი დელეგაცია გააძევა მისი შემადგენლობიდან. ამჟამად უნგრეთის მმართველი პარტია ულტრამემარჯვენე "ევროპის პატრიოტების" პოლიტიკურ ჯგუფშია, რომელშიც მარინ ლე პენის პარტია "ეროვნული გაერთიანებაა" ყველაზე დიდი ძალა.
ამ წლებში ვიქტორ ორბანის პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი "დიდი უნგრეთის" ნოსტალგიაზე კაპიტალიზება იყო. ის აქტიურად აკრტიკებდა უკრაინის სხვადასხვა ხელისუფლებებს, განსაკუთრებით 2017 წლიდან, როდესაც უკრაინის კანონმდებლობით სკოლებში ერთადერთ სასწავლო ენად უკრაინული ენა იქცა. მოგვიანებით, 2023 წელს, ეს კანონი შესწორდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის უნგრულ ენაზე სწავლება უკრაინამ დასაშვებად ცნო.
უნგრეთის პრემიერი დიდი ხანია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე ანტი-უკრაინულ პოზიციებს აფიქსირებს. მან ევროკავშირი "ომის გახანგრძლივებაში" დაადანაშაუაულა, ასევე ის ბლოკავდა უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცებასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
2024 წლის 5 ივლისს ორბანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი მშვიდობის უზრუნველყოფა და ომის დასრულება იყო.
"ჩვენ ნელ-ნელა გვეცლება ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ კონფლიქტის ორივე მხარესთან საუბარი. მალე უნგრეთი იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც შეეძლება საუბარი ყველასთან," - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ქართული ოცნება ორბანის მსგავს რიტორიკას ომის პირველივე დღეებიდან იმეორებს. ყველას კარგად გვახსოვს 2022 წლის მარტში ირაკლი ღარიბაშვილს გამოსვლა: "უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება."
სანქციების კრიტიკა ორბანის რიტორიკის ერთ-ერთი ფუნდამენტია. უნგრეთის ლიდერი აცხადებს, რომ სანქციებით თავად ევროკავშირი უფრო ზიანდება, ვიდრე რუსეთი და ის აქტიურად ცდილობს აგრესორ ქვეყანასთან ენერგეტიკული კავშირების გაღრმავებას და აგრძელებს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს.
ამასთანავე, ვიქტორ ორბანი ქართული ოცნებისთვის საერთასორისო ულტრამემარჯვენე ძალებთან დამაკავშირებელი ხიდი გახდა. რუსული კანონით, არალეგიტიმური არჩევნებით და ანტი-დასავლური პოლიტიკით ქართულ ოცნებას ევროინტეგრაციის გზაზე არანაირი პროგრესის მიღწევის შანსი არ აქვს, მაგრამ ამავდროულად მას არ სურს აჩვენოს, რომ სრულ საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.
ორბანის გზაზე მდგარი ოცნების ლიდერების ფავორიტ ღონისძიებად "კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია" (CPAC) იქცა, რომელსაც კობახიძე 2024 წლის აპრილში დაესწრო.
ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი
ამ კონფერენციაზე გამოსვლისას კობახიძემ აღნიშნა, რომ "ე.წ ლიბერალებსა და ბოლშევიკებს შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბოლშევიკები რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად უროს იყენებდნენ, ე.წ. ლიბერალები კი ქრისტიანობას ებრძვიან პროპაგანდით, რომელსაც მედიის ტოტალური კონტროლის პირობებში, უროზე ბევრად დიდი ძალა აქვს. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მათი თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა."
უნგრეთისა და საქართველოს მმართველი პარტიების ამ ურთიერთობის ლოგიკური კულმინაცია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორბანის განცხადება იყო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული შეფასებების ფონზე, ქართული ოცნებისთვის ჯერ არცერთ დასავლურ სახელმწიფოს არ მიულოცია, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარდა.
ორბანმა კი 26 ოქტომბერსვე დაწერა: "ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და ქართულ ოცნებას უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!"
რობერტ ფიცო
7 ნოემბერს საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
რობერტ ფიცო "გლობალური ომის პარტიის" შესახებ ქართული ოცნების კონსპირაციის თეორიისთვის ფუნდამენტურ ფიგურად არის ქცეული და მისი პოზიციებითა და ხედვებით ივანიშვილის პარტიის ანტი-დასავლურ პოლიტიკასთან ძალიან ახლოს დგას.
ფიცო სლოვაკეთის პოლიტიკაში ახალი სახე არ არის. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-10 და 2012-18 წლებში იკავებდა და პოპულიზმისა და ევროსკეპტიციზმის ნიშნებს მუდმივად ავლენდა.
საინტერესოა, რომ 2011 წელს ფიცომ საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომისას "რუსეთის პროვოცირებაში."
ის ჯერ კიდევ 2014 წელს ეწინააღმდეგებოდა ყირიმის ანექსიისთვის რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და აცხადებდა, რომ ეს "საფრთხეა სლოვაკეთის ეკონომიკისთვის."
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ის ისევ სკეპტიციზმს გამოხატავდა სანქციების მიმართ და აცხადებდა, რომ ეს პუტინის რეჟიმს პრობლემებს არ უქმნის და მხოლოდ რუსეთისა და ევროპის მოსახლეობას აზიანებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევაა, მაგრამ უკრაინის მიერ ყირიმის დაბრუნება გამოსავალი არ არის.
2023 წლის 30 სექტემბერს, სლოვაკეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ფიცოს პარტია SMER პირველ ადგილზე გავიდა და მან სამთავრობო კოალციის დაკომპლექტება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ფიცოს კამპანია მთავარ აქცენტს ომისა და მშვიდობის თემაზე და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტეაზე აკეთებდა. ასევე მან მრავალჯერ განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანებას დაბლოკავს.
"რატომ არ ვაიძულებთ ომის მხარეებს დასხდნენ და იპოვონ კომპრომისი, რაც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება?" - თქვა მან.
ფიცომ მხარი დაუჭირა ყველა სამშვიდობო ინიციატივას, რომელშიც განხილული იყო უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობა და ნეიტრალიტეტის გამოცხადება.
სლოვაკეთის პრემიერი აქტიურად იმეორებს რუსული პროპაგანდის თითქმის ყველა ნარატივს. 2024 წლის იანვარში მან თქვა, რომ "უკრაინა არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო" და ომის დასრულების ერთადერთი გზა აგრესორისთვის ტერიტორიების დათმობაა. მან ასევე აღნიშნა, რომ დონბასში ომის დაწყების მიზეზი "უკრაინელი ნაცისტებისა და ფაშისტების მიერ რუსული მოსახლეობის მკვლელობა" იყო.
მაგრამ სლოვაკეთის ლიდერის პრო-რუსული გზავნილებისა და პოლიტიკის კულმინაცია იყო მისი ინტერვიუ რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზია Россия 1-თან, რომელთან ინტერვიუშიც მან განაცხადა, რომ მომავალი წლის 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის თავზე მოსკოვს ეწვევა.
კომიკურია, მაგრამ ამ ტიპის ლიდერების მილოცვებით ცდილობს ქართული ოცნება მოქალაქეების თვალში გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას და კიდევ უფრო სასაცილოა, რომ მოსახლეობას მათი მხარდაჭერით ევროკავშირში ინტეგრაციას ჰპირდება.
ირაკლი კობახიძე და რობერტ ფიცო
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მას დაემუქრა. კობახიძის თქმით, ეს "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უკავშირდებოდა. მან აღნიშნა, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ.
"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - 'ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო.'
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია," - დაწერა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
კობახიძის ეს განცხადება საფუძვლად დაედო ოცნების პროპაგანდას, რომ დასავლეთს არამხოლოდ საქართველოს ომში ჩათრევა სურს, არამედ ქვეყნის ლიდერების მკვლელობისთვისაც კი არის მზად. სწორედ ამიტომ, წინსაარჩევნო კამპანიისას ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს იღებდა.
ოცნების მოკავშირე ევროპარლამენტარები
2023 წლის მაისში ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ "ევროპელი სოციალისტების" გაერთიანებას ტოვებს. ამის მიზეზად მათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნაკლები სოლიდარობის გამოხატვა და კრიტიკული რეზოლუციებისთვის ხმის მიცემა დასახელდა.
"ევროპელი სოციალისტებიდან" ნაკლები ევროპარლამენტარი უჭერდა მხარს შესაბამის რეზოლუციებს, მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორ "იყიდებოდა" ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებაში - ბევრად უფრო მძიმე იყო, როცა მათი მესამედი უჭერდა მხარს ჩვენს საწინააღმდეგო რეზოლუციას, ვიდრე EPP მთელი თავისი შემადგენლობით გამოდიოდა ჩვენს წინააღმდეგ. იმიტომ, რომ EPP-ის წევრია "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო." - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნება "ევროპელი სოციალისტების პარტიის" დამკვირვებელი წევრი 2015 წლიდან იყო. თუმცა, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტკური გაერთიანების წევრობასთან შეუთავსებელი გახდა მმართველი პარტიის ანტი-დასავლური, ანტი-დემოკრატიული და ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები.
ივანიშვილის პარტია თავისი რიტორიკის რუსულ ნარატივებთან დაახლოების პარალელურად, უფროდაუფრო დაუკავშირდა ევროპარლამენტის ყველაზე მარგინალ და ნაკლები გავლენის მქონე ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე პოლიტიკოსებს, რომლებიც ევროსკეპტიციზმით გამოირჩევიან და მუდმივად ანტი-უკრაინულ, პრორუსულ და დიქტატორების მაამებლურ განცხადებებს აკეთებენ.
ტიერი მარიანი
13 ნოემბერს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ იმსჯელეს. ევროპარლამენტის წევრების უმრავლესობამ ქართული ოცნების მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა, მაგრამ დებატებისას რამდენიმე დეპუტატმა მათ მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა.
ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი ფრანგი ულტრამემარჯვენე ტიერი მარიანი იყო. მარიანი დიდი ხანია ივანიშვილს პარტიის ნარატივების გამჟღერებელია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 31 ოქტორმბერს, მარიანიმ განაცხადა, რომ "საქართველო არც პრორუსია და არც პროევროპული: მან მისცა ხმა პროსაქართველოს. ქართველმა ხალხმა 'არა' უთხრა მოსკოვის ან ბრიუსელის საგარეო გავლენებს."
მანამდე კი აღნიშნა, რომ ქართული ოცნება "არის პატრიოტთა მოძრაობა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ვოუქიზმს, გლობალიზმსა და ომის პოლიტიკას. სწორედ ამიტომ სურთ ფონ დერ ლაიენსა და სოროსს მისი დამხობა."
ტიერი მარიანი ევროპისა და საფრანგეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა. ის პრო-რუსული და მსოფლიო დიქტატორების მხარდამჭერი პოზიციებით არის ცნობილი.
ტიერი მარიანი და ბაშარ ალ-ასადი
2015 წლის ივლისში მარიანი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩავიდა. ინტერვიუებში მან რუსეთის უკანონო ქმედებების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა: "მივესალმები ყირიმის პარლამენტის სიმამაცეს, რომელმაც გადაწყვეტილება რთულ ვითარებაში და დიდი რისკის ფასად მიიღო."
2018 წელს ფრანგი პოლიტიკოსი დონეცკს ეწვია დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში არჩევნების დასაკვირვებლად.
2021 წლის კი მის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, რისი მიზეზიც მისი კავშირია "ფრანკო-რუსული დიალოგის ასოციაცისთან." სავარაუდოდ, მისი განცხადებები რუსეთიდან კონკრეტული ფინანსური ბენეფიტების მიღებასთანაც არის კავშირში.
აღსანიშნავია, რომ 2015-17 წლებში მარიანი სირიას 5-ჯერ ეწვია ბაშარ ალ-ასადდათან შესახვედრად, რომელსაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. მეტიც, მან ასადს მეგობარი უწოდა.
ლუბოშ ბლაჰა
ამავე სხდომაზე აქტიურობით გამოირჩეოდა სლოვაკი ევროდეპუტატი ლუბოშ ბლაჰა. მან საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას თქვა, რომ "დემოკრატია, როგორც ჩანს, დასავლეთისთვის მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც ისინი იგებენ - ახლა კი შეშფოთებულნი არიან, რადგან ქართულმა ოცნებამ მათი ოცნება დაასრულა."
წარსულში სლოვაკეთის კომუნისტური პარტიის წევრი, ამჟამად კი რობერტ ფიცოს პოლიტიკური გაერთიანება SMER-ის ევროდეპუტატი მარქსისტი ფილოსოფოსია. ის საკუთარ თავს "ანტი-გლობალისტ ნეო-მარქსისტს" უწოდებს.
ის აქტიურად აკრიტიკებდა ამერიკის ინტერვენციას ერაყსა და ავღანეთში და პრო-პალესტინური პოზიციებით გამოირჩევა.
რაც მთავარია, ბლაჰა რუსული პროპაგანდისტული ნარატივების გამეორებითა და პოზიციების დაცვით არის ცნობილი. ის რუსეთ-უკრაინის ომს დასავლეთისა და რუსეთის დაპირისპირებად აცხადებს და ევრკავშირსა და ევროპელ ლიდერებს რუსოფობიაში ადანაშაულებს. ევროდეპუტატი რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ღიად ითხოვს.
ლუბოშ ბლაჰა მოსკოვში
13 ოქტომბერს ის "დასავლეთში არსებული რუსოფობიის გამო ბოდიშის მოსახდელად" მოსკოვში ჩავიდა.
"ყველაზე გულწრფელი სალამი მოსკოვიდან, მეგობრებო, რუსეთი ისევ ისეთივე ლამაზი, ბრძენი და მოწინავეა. მოვედი მადლობა გადაგიხადოთ ფაშიზმისგან განთავისუფლებისთვის და ბოდიშს გიხდით დასავლეთში რუსოფობიისთვის," - დაწერა მან Telegram-ზე.
ბლაჰამ წითელ მოედანზე სეირნობის ვიდეოც გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია შეწყდეს სიძულვილი, რომელიც ვრცელდება რუსეთის წინააღმდეგ. დეპუტატის თქმით, ის მოსკოვში მეგობრად ჩავიდა, რადგან ვეღარ უყურებს, როგორ იზრდება რუსოფობია დასავლეთში.
მან ასევე განაცხადა, რომ სლოვაკ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც МГИМО-ში სწავლობენ, ყვავილებს მიიტანეს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე და მარშალ ჟუკოვის ძეგლთან.
ჰანს ნოიჰოფი
ქართული ოცნების პოზიციებს ევროპალრამენტში აქტიურად იცავენ გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრები. დებატებისას გერმანელმა ევროდეპუტატმა ჰანს ნოიჰოფმა აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, "ქართველები ამაყი ხალხია, ისინი ღია არიან ევროპისთვის, მაგრამ მათ არ სურთ დაემორჩილონ ბრიუსელის 'ცისარტყელის' დღის წესრიგს."
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიისას მან განაცხადა, რომ რუსეთი გერმანიისთვის საფრთხე არ არის, სანამ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაშია.
გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია AfD წლებია აკრიტიკებენ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და ანტი-უკრაინულ პოზიციებს აფიქსირებს. ამ პარტიას რუსეთთან კავშირების ხანგრძლივი ისტორია აქვს.
2019 წელს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრ გაულანდმა "კომსომოლსაკაია პრავდასთან" განაცხადა, რომ დონბასში ომის საკითხს უკრაინის შიდა საკითხად მიიჩნევს და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ეწინააღდეგება.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყების შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, AfD-ს დეპუტატები ქრისტიან ბლექსი, ჰანს-ტომას ტილშნაიდერი და დანეილ ვალდი რუსეთში ჩავიდნენ და დონბასში ვიზიტსაც გეგმავდნენ, თუმცა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, მოგვიანებით გეგმები შეცვალეს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ჩავიდნენ.
რუსეთთან პარტიის კავშირები კიდევ უფრო ცხადი გახდა, როდესაც Der Spiegel-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის დეპუტატ ეუგენ შმიდტს მასთან თარჯიმნად დასაქმებული ჰყავდა ვლადიმირ სერგიენკო. პრო-რუსი აქტივისტი, რომელსაც გამოცემამ "ბუნდესტაგში მოსკოვის კაცი" უწდოდა.
გამოცემის ცნობით, დასავლურმა სპეცსამსახურებმა სერგიენკოზე დაკვირვება რუსეთში მისი ხშირი ვიზიტების გამო დაიწყეს. 2023 წლის ივნისში მას 9000 ევრო ნაღდი ფულის სახით შეჰქონდა გერმანიაში. მან უარყო, რომ პარტიას ფინანსურად ეხმარებოდა. მოგვიანებით The Insider-ის გამოძიებით გაირკვა, რომ მოსკოვში მისი საკონტაქტო პირი ფსბ-ს მეხუთე სამმართველოს ოფიცერი ილია ვეჩტომოვი იყო.
დანილო დელა ვალე
ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე ივანიშვილის პარტიას აქტიურად გამოექომაგა იტალიელი ულტრამემარჯვენე დანილო დელა ვალე: "საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვით ვემუქრებით მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში უმრავლესობას არჩევნებში გამარჯვებული არ მოსწონს."
დელა ვალე იტალიური პოპულისტური პარტიის, "5 ვარსკვალავის მოძრაობის" წევრია.
ის ხშირად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის: "მელონი ამაყობს, რომ უკრაინას რაკეტები გაუგზავნა. ჩვენთვის მისაღები იქნებოდა იტალიის პრემიერი ამაყად დგამდეს დიპლომატიურ ნაბიჯებს მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ჩვენი კონსტიტუციის შესაბამისად."