დუდა: პოლონეთი მზადაა უკრაინას თავისი MiG-29-ები გადასცეს
პოლონეთი, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, მზადაა უკრაინას თავისი გამანადგურებლები, MiG-29-ები გადასცეს.
ამის შესახებ CNN International-თან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ვარშავა მზადაა კიევს "დანარჩენი MiG-29-ები გადასცეს, რომლებიც ახლა [პოლონეთის] საჰაერო ძალებში მსახურობენ."
დუდამ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა "მზად იქნება დაუყოვნებლივ გამოიყენოს ისინი."
მომავალში, პოლონეთის პრეზიდენტის აზრით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებისკენ სწრაფვა სურთ და დასავლურ გამანადგურებლებს გამოიყენებენ.
"ამიტომ, უკრაინელი მფრინავების მომზადება არის მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო", - განაცხადა დუდამ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ მან აღნიშნა, რომ ახლა უკრაინის მთავარი სამხედრო საჭიროება არტილერია და მისი საბრძოლო მასალაა.