DW: მოწმემ სასამართლო პროცესზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო

 

ბერლინში მიმდინარე სასამართლო პროცესზე უკრაინელმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" წერს.

ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ ნიკოლოზის ძე კ. უკრაინის მოქალაქის ქვისლი აღმოჩნდა. სამი თვის წინ ხარკოველი მოწმე აცხადებდა, რომ არ იყო დარწმუნებული მკვლელობაში ეჭვმიტანილი რომ მისი ნათესავია.

ამავე დროს, თავის ჩვენებაში უკრაინელმა მოწმემ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.

55 წლის უკრაინელმა მოწმემ პირველად ამავე საქმეზე ჩვენება ივლისის ბოლოს მისცა. მაშინ ის აცხადებდა, რომ დარწმუნებით ვერ იტყვის, რომ ბრალდებული მისი ნათესავია, რადგან სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და ისიც 10 წლის წინ.

სამი კვირის შემდეგ მოწმემ გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" განაცხადა, რომ სასამართლოზე იცრუა, რადგან საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ იცნო ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული, რომ ის ნამდვილად მისი ქვისლია და ამას გარდა, უკრაინელი მოწმე ამტკიცებს, რომ ვადიმ კ. მასთან საუბარში მიანიშნებდა, რომ პირადად იცნობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

___________________________

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს.

ხანგოშვილის მკვლელი მალევე დააკავეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მისი ამოცნობა შეძლეს და დაადასტურეს მისი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში გერმანიის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა, რის შემდეგაც ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. 

მსგავსი სიახლეები