ხანგოშვილის მკვლელის ადვოკატს რუსეთმა ჯამურად 366 ათასი ევრო გადაუხადა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოპერატიული თანამშრომლის ადვოკატის, რობერტ უნგერის დღიური ანაზღაურება პროცესის მიმდინარეობის ბოლო 10 დღის განმავლობაში 6 ათასს ევროს შეადგენდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Der Spiegel რედაქციის განკარგულებაში აღმოჩენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

საყურადღებოა, რომ კრასიკოვის სასამართლო პროცესი სულ 56 დღის განმავლობაში გრძელდებოდა - იმ დათქმით, რომ ადვოკატის ანაზღაურების საფასური არ შეცვლილა კრასიკოვის სამართლებრივი დაცვა რუსეთს 366 ათასი ევრო დაუჯდებოდა. 

ადვოკატის გასამრჯელოს რუსეთის თანამემამულეების მხარდაჭერისა და დაცვის ფონდი (Правфонд) იხდიდა. გერმანული გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ ადვოკატის ანაზღაურება უჩვეულოდ მაღალია და შესაძლოა მას კრასიკოვის დაცვის გარდა სხვა ვალდებულებებიც ჰქონდა. 

გაზეთის ხელში აღმოჩენილი დოკუმენტები ცხადჰყოფს, რომ ადვოკატი მოსკოვში გზავნიდა არამხოლოდ შრომითი ხელშეკრულების ასლებს, არამედ მასალებს დახურული სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. უნგერის მოსკოვში გაგზავნილი დოკუმენტები შეიცავს პროცესის მიმდინარეობის პერიოდში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, კონკრეტულ სახელებს და გვარებს და სხვა სენსიტიურ ინფორმაციას, რომელიც კრემლის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. 

უნგერის მიერ გაგზავნილ დოკუმენტებში ნახსენებია გამოცემა The Insider-ის მთავარი რედაქტორი რომან დობროხოტოვი, რომელიც ბრალდების მიერ მოწვეული ერთ-ერთი ექსპერტი იყო. კრასიკოვის ადვოკატი ცდილობდა, ბრალდების მიერ მოხმობილი კიდევ ერთი ექსპერტის ვინაობის გასაჯაროებას, რომელსაც ჩვენება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ანონიმურად უნდა მიეცა. 

მასალაში აღნიშნულია, რომ სასამართლოში ჩვენების შემდეგ ექსპერტს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია - ვინაიდან არსებობდა თავდასხმის რისკი რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან. 

კრასიკოვის ადვოკატი Der Spiegel-თან საუბარში ამბობს, რომ ვერ იწინასწარმეტყველებდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებას უკრაინაში და პროცესის მიმდინარეობისას ფონდი, რომლისგანაც ანაზღაურებას იღებდა ჯერ კიდევ არ იყო სანქცირებული. 

რუსეთის თანამემამულეების დაცვისა და მხარდაჭერის ფონდს ზოგი ევროპული ქვეყნის დაზვერვა რუსეთის სპეცსამსახურების ფინანსურ ინსტრუმენტად მიიჩნევს. ფონდის ხელმძღვანელობიდან რამდენიმე ადამიანი წარსულში რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР) აგენტები იყვნენ. 

აღნიშნული ფონდი გამოიყენება ევროკავშირში რუსული პროპაგანდის გასავრცელებლადაც - ფონდი აფინანსებს ახალი ამბების პორტალს სახელწოდებით EuroMore.

სწორედ ამ ფონდიდან ფინანსდებოდა რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ევროპარლამენტარი ლატვიიდან ტატიანა ჟდანოკი. 

კონტექსტი 

წარსულში ჩეჩენი საველე მეთაური და საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრალურ პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. 

მალევე დააპატიმრეს მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც თავს ვადიმ სოკოლოვად ასაღებდა, თუმცა მალევე გაირკვა სინამდვილეში ის რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი, ვადიმ კრასიკოვი იყო. ამ დროისთვის კრასიკოვი გერმანიის ერთ-ერთ ციხეში უვადო პატიმრობაში იმყოფება. 

გასულ თვეებში დასავლური მედიები წერდნენ, რომ კრასიკოვის გათავისუფლება კრემლის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ კრასიკოვის სანაცვლოდ კრემლი მზად იყო ალექსეი ნავალნი და მოსკოვში დაპატიმრებული Wall Street Journal-ის კორესპონდენტის, ევან გერშკოვიჩი გაეთავისუფლებინა. 

მსგავსი სიახლეები