ეგზიტპოლებით ისრაელის არჩევნებში ნეთანიაჰუ და მისი პარტნიორები იმარჯვებენ
1 ნოემბერს ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების სამი ეგზიტპოლის შედეგებით მემარჯვენე, ეროვნულ-რელიგიური პარტიები ლიდერობენ, რომელთა პრემიერობის კანდიდატიც ისრაელის ყოფილი პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუა.
ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ის ეგზიტპოლით ნეთანიაჰუს ბლოკის პარტიებმა 120-დან 62 მანდატის მოპოვება შეძლეს. პირველ ადგილზე ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიაა 30 მანდატით, მეორეზე პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის პარტია "იეშ ატიდი" - 22 მანდატი, მას მოსდევს ულტრანაციონალისტური გაერთიანება "რელიგიური სიონიზმი" - 15 მანდატი და თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის "ეროვნული გაერთიანება" - 13 მანდატი.
რელიგიურმა პარტიებმა "შასმა" და "გაერთიანებული თორას იუდაიზმმა" 10 და 7 მანდატი მოიპოვეს.
ისრაელის ლეიბორისტულ პარტიას და კონსერვატორულ არაბულ პარტია "რაამს" 5 მანდატი აქვთ.
მემარჯვენე "ისრაელ ბეითენუს", ულტრამემარცხენე "მერეცს" და არაბული პარტიების გაერთიანებას "ჰადაშ-თაალს" - 4 მანდატი.
შედეგები დაახლოებით მსგავსია დანარჩენი ორი ეგზიტპოლითაც.
Channel 13-ის ეგზიტპოლით ნეთანიაჰუს ბლოკს 62 მანდატი აქვს, Channel 12-ის ეგზიტპოლით კი 61 მანდატი.
იმ შემთხვევაში, თუ მესამე არაბული პარტია, ნაციონალისტური "ბალადი" ბარიერს გადალახავს, ნეთანიაჰუს ბლოკი უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს.