ერდოღანი 49.24%, ქილიჩდაროღლუ 45.06% - დათვლილია ხმების თითქმის 100%
თურქეთი საპრეზიდენტო არჩევნების ბედი მეორე ტურში გადაწყდება. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ხმების თითქმის 100% დაითვალა და ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: რეჯეფ თაიფ ერდოღანი - 49.24%, ქემალ ქილიჩდაროღლუ - 45.06%, სინან ოღანი - 5.28% და მუჰარემ ინჯე - 0.42%.
ამის შესახებ თურქეთის სახელმწიფო ტელევიზია TRT TV წერს.
არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში ჩატარდება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საზოგადოებრივი აზრის კვლევების უმრავლესობის საწინააღდეგოდ, პირველი ადგილის დაკავება შეძლო და პირველ ტურში გამარჯვების შანსი ჰქონდა.
ერდოღანის პარტიის და მისი პარტნიორი ნაცინალისტური პარტიის ალიანსმა საპარლამენტო უმრავლესობა უკვე მოიპოვა.
ერდოღანმა თავისი პარტიის მხარდამჭერებს ანკარაში განუცხადა, რომ ის მზად არის არჩევნების მეორე ტურისთვის, საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ თვლის, რომ პირველივე ტურში გამარჯვება შეუძლია.
ქილიჩდაროღლუმ პირობა დადო, რომ არჩევნებს მეორე ტურში მოიგებს და თქვა, რომ მისმა კონკურენტმა ხალხისგან ნდობა ვერ მიიღო.
არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა რეკორდულად მაღალი - 88.84% იყო.