ერდოღანი შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ნატოს მადრიდის სამიტამდე შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი ფინეთის და შვედეთის ლიდერებთან მოლაპარაკებებს ნატოს მადრიდის სამიტამდე გამართავს, რომელიც 29-30 ივნისს გაიმართება.

ამის შესახებ ერდოღანის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადი მაისში შეიტანეს.

თუმცა სკანდინავიური ქვეყნების ბლოკში შესვლას თურქეთი ეღობება, რომელიც მათგან „უსაფრთხოების საკითხებთან“ დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს.

ანკარაში აცხადებენ, რომ ფინეთი და შვედეთი თურქეთსა და დასავლეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს იფარებენ და მფარველობენ.

ამას გარდა, თურქეთი შვედეთის მიერ გამოცხადებულ იარაღის ექსპორტის ემბარგოსაც აპროტესტებს.

ერდოღანის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ წევრობის მსურველი ქვეყნები თურქეთის მოთხოვნების დიდი ნაწილის შესრულებაზე მზადყოფნას აცხადებენ.


ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები არ არიან და მათზე კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგა არ ვრცელდება.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ორ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობა ნატოს წევრობის სასარგებლოდ შეიცვალა.

კრემლის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თუ ფინეთი ნატოში გაერთიანდება, რუსეთი "ვითარების გადასინჯვას" შეეცდება.

 

მსგავსი სიახლეები