ერდოღანმა განმარტა, თუ რატომ გადასცა უკრაინას აზოვსტალის დაცვის მეთაურები
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ აზოვსტალის დაცვის მეთაურების უკრაინისთვის გადაცემით რუსეთთან მისი ურთიერთობა არ დაზარალებულა.
ამის შესახებ ერდოღანმა ვილნიუსში, ნატოს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თურქეთის ლიდერის თქმით, შეთანხმება იმის შესახებ, რომ აზოვსტალის დამცველი სამხედრო მეთაურები თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ, ორმხრივი იყო უკრაინასა და რუსეთს შორის. თურქეთმა მათ თავშესაფარი რუსეთ-უკრაინის შეთანხმების შესასრულებლად მისცა.
"თავიდან ეს უკრაინასა და რუსეთს შორის დისკუსიის შედეგი იყო და პარასკევამდე ისინი ჩვენთან იყვნენ." - აღნიშნა მან.
ერდოღანის თქმით, აზოვსტალის დამცველები უკრაინას მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნის გამო გადასცა.
"როდესაც ეს მოთხოვნა მივიღეთ, ჩვენ ეს მეთაურები გადავეცით," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თუმცა, მას არ სჯერა, რომ ამან გავლენა მოახდინა რუსეთთან ურთიერთობებზე.
"თავიდან რუსეთი აღშფოთებული იყო, შემდეგ კი პოზიტივად იქცა," - თქვა მან და ამ თემის სექტემბერში, პუტინთან შეხვედრაზე განხილვა იწინასწარმეტყველა.
აზოვსტალის ქარხნის დაცვის 5 მეთაური ქვეყნის პრეზიდენტ ერდოღანის დაცვისა და უსაფრთხოების პირადი გარანტიით იმყოფებოდა თურქეთში.