ერევანში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების 125 მონაწილე დააკავეს

სომხეთის პოლიციამ ერევანში 2 მაისს გამართული ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის 125 მონაწილე დააკავა.

პროტესტის ათასობით მონაწილე გუშინ საფრანგეთის მოედანზე შეიკრიბა და მოძრაობა გადაკეტეს.

დემონსტრანტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების საჭიროებაზე ისაუბრა.

„ფაშინიანმა ხალხის ნდობას უღალატა, ის უნდა წავიდეს“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ისხან საღატელიანმა.

საღატელიანმა ამ კვირაში „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასშტაბური კამპანია“ დააანონსა.

სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭო ქვეყანაში „მასობრივი არეულობის სერიოზულ საფრთხეზე“ საუბრობს.

ერევანში ანტისახელისუფლებო დემონსტრაციები 17 აპრილის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ტარდება.


2020 წელს ორ ქვეყანას შორის ექვსკვირიან ომში აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის და მოსაზღვრე ტერიტორიების უდიდეს ნაწილზე კონტროლის აღდგენა მოახერხა.

მოსკოვის შუამავლობით ერევანმა და ბაქომ ხელი დროებით ზავს მოაწერეს, რომლის შედეგადაც ყარაბაღის ანკლავსა და სომხეთს დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორში 2 000 რუსი სამხედრო ჩადგა.

გასულ თვეში ფაშინიანი და ალიევი ერთმანეთს ევროკავშირის მედიაციით, ბრიუსელში შეხვდნენ და სამშვიდობო მოლაპარაკებების „მოსამზადებელი სამუშაო“ დასახეს.

ბაქომ მარტში გამოაქვეყნა სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომელიც ორივე ქვეყნის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ნიშნავს - რაც, ფაქტობრივად, ერევნის მიერ მთიან ყარაბაღზე უარის თქმას წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები