ერევანში ОДКБ-დან გამოსვლის მოთხოვნით აქცია ჩატარდა
კვირას, 18 სექტემბერს, ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმაც სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გასვლა მოითხოვეს. TASS-ის ცნობით, აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.
კიდევ რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა აქცია "გაფესჯიანის" ხელოვნების ცენტრთან გამართა, სადაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იყო მისული. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ОДКБ-დან გასვლის შემთხვევაში სომხეთი სამხედრო დახმარებას დასავლეთისგან მიიღებდა.
Интерфакс-ის ცნობით, აქციებში სომხეთის "ევროპული პარტიის" წარმომადგენლები, მისი თავმჯდომარის ტიგრან ხზმალიანის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.
ხზმალიანის თქმით, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს "ანტისომხურ შეთანხმებას", რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი დაიკარგა. "თუ ჩვენ დავტოვებთ ОДКБ-ს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს, გავწევრიანდებით ნატოსა და ევროკავშირში, მაშინ დავბრუნდებით ჩვენს დაკარგულ მიწებზე“, - განაცხადა პარტიის ლიდრმა.
პელოსის ვიზიტი სომხეთში
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში 17 სექტემბერს, აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტის ესკალაციის ფონზე გაფრინდა. კვირას "გაფესჯიანის" ხელოვნების ცენტრში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს სომხეთის უსაფრთხოებასა და დემოკრატიას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პელოსის განცხადებები გააკრიტიკა. პელოსის თქმით, ბაქომ დაიწყო სასაზღვრო კონფლიქტი ერევანთან, რაც, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "სერიოზული დარტყმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე".
"მსგავსი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება არა რეგიონში მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.