ესტონეთმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ჰანო პევკური კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
"მოხარული ვარ, რომ დღეს კიევში შევხვდი ჩემს მეგობარს და კოლეგას, ესტონეთის თავდაცვის მინისტრს, ჰანო პევკურს. ეს არ არის ჩვენი დიდი მეგობრის პირველი ვიზიტი კიევში", - წერს რეზნიკოვი.
მან აღნიშნა, რომ რთულია ესტონეთის დახმარების შეფასება, რადგან მისმა მთლიანმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს.
"მუდმივი მხარდაჭერა რამშტაინის ფორმატში, 155 მმ-იანი ჰაუბიცები, ინიციატივა ერთი მილიონი 155 მმ ჭურვი უკრაინისთვის, საველე ჰოსპიტალი და ჩვენი ჯარისკაცების მკურნალობა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რასაც მეგობარი ესტონეთი ჩვენთვის აკეთებს. აღფრთოვანებული ვარ ესტონელი ხალხით და მათი მხარდაჭერით", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ესტონეთის თავდაცვის სამინიტროს ცნობით, ვიზიტის დროს პევკურმა უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გამოაცხადა.
ის სპეციალური ოპერაციების ძალების შეიარაღებასა და აღჭურვილობას მოიცავს. მასში შედის ტყვიამფრქვევები, პისტოლეტები, დრონები, გენერატორები, ასევე ტანსაცმელი.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ესტონეთმა უკრაინას უკვე თითქმის 400 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გადასცა, რაც ქვეყნის მშპ-ს 1%-ზე მეტია. პარალელურად, ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით, უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღებისთვის ესტონეთი ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს და, სავარაუდოდ, 156 მილიონი ევროს მიიღებს.