ევგენი პრიგოჟინი: ბახმუტის ბრძოლამ "ვაგნერს" დიდი ზიანი მიაყენა
კრემლს დაქვემდებარებული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მეთაური, ევგენი პრიგოჟინი აღიარებს, რომ ვაგნერს ბახმუტის ბრძოლაში დიდი დანაკარგები აქვს.
საკუთარ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში "პუტინის ყასაბად" წოდებული პრიგოჟინი ირწმუნება, რომ ბახმუტის ბრძოლამ უკრაინის არმია "პრაქტიკულად გაანადგურა".
ამ ნაკლებად სარწმუნო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მას ვაგნერის დანაკარგების უარყოფა არ უცდია.
"სამწუხაროდ, [ბახმუტის ბრძოლამ] დიდი ზიანი მიაყენა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერსაც", - ამბობს პრიგოჟინი აუდიო-ჩანაწერში.
ის ასევე ამტკიცებს, რომ ბახმუტში გამარჯვება რუსებისთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხი წერტილი იქნება და რომ ასეთ შემთხვევაში მათ მომდევნო თავდასხმისთვის მეტი სივრცე ექნებათ.
როგორც რუსები ირწმუნებიან, ისინი ბახმუტში ქუჩის ბრძოლებით წინ მიიწევენ, თუმცა მათივე თქმით, ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ქალაქისთვის ალყის შემორტყმა და უკრაინელების განდევნა, რაც რამდენიმე კვირის წინ მეტად სავარაუდო ჩანდა.
ბრიტანული დაზვერვის დღევანდელი ცნობით, უკრაინელებმა გასულ დღეებში წარმატებით მოახერხეს, განედევნათ რუსები ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი გზიდან.
ბახმუტისთვის ბრძოლა უკვე რვა თვეა, გრძელდება. ქალაქი, სადაც ომის დაწყებამდე 71 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ევგენი პრიგოჟინმა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს დაისახა მთავარ მიზნად.