ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ორგანიზაციის 27 წევრ ქვეყანას მოუწოდა, დამატებითი თანხები გამოყოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ამის შესახებ Reuters 7 ოქტომბერს იტყობინება.
განცხადება გაკეთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რომელიც 6 ოქტომბერს პრაღაში გაიხსნა. სამიტში 44 ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის უკრაინა.
ბორელმა აღნიშნა, რომ აპირებს ევროკავშირის ლიდერებს სთხოვოს მხარი დაუჭირონ წინადადებას მშვიდობის ევროპული ფონდისთვის ახალი ტრანშის გამოყოფის შესახებ. აღნიშნულ თანხებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებისთვის გამოიყენებენ.
ერთი დღით ადრე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში Twitter-ზე დაწერა, რომ პრაღაში გამართული შეხვედრა ხაზს უსვამს მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციას უკრაინაში ომის გამო და ეს იქნება "რუსეთის გარეშე ახალი წესრიგის პოვნის საშუალება".
ივლისის ბოლოს ევროკავშირმა უკრაინას 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გადასცა.