ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია: რა წერია? [მოკლედ]
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის განხილვა კიდევ ერთხელ იყო ევროკაპრლამენტში განხილვის საკითხი, სადაც 5 პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლებმა, საერთო რეზოლუცია შეიმუშავეს და კენჭი უყარეს.
ევროპის სახალხო პარტიის (EPP), განახლებული ევროპის (Renew), სოციალ-დემოკრატების (S&D), კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) და მწვანეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, მხარი 495-მა დეპუტატმა დაუჭირა, 86-მა თავი შეიკავა, ხოლო 73-მა საწინააღმდეგოდ მისცა ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეზოლუცია მიიღეს.
გთავაზობთ, ძირითად და ყველაზე მნიშველოვან ნაწილებს, რაც 9 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაშია მოცემული:
- რეზოლუციაში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ე.წ "რუსული კანონი", საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებთან და ე.წ "ანტი-ლგბტ" კანონთან ერთად, მკაცრ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, რაც ბარიერს წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციული მისწრაფების გზაზე.
- დოკუმენტში ხაზგასმულია ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის აუცილებლობა.
- რეზოლუციაში წერია, რომ თუკი პრობლემური კანონები არ გაუქმდება, მაშინ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეჩერებული იქნება.
- ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ ზიზღითა და დაშინებებით სავსე პოლიტიკური კლიმატის შექმნისთვის, რაც მთავრობის წევრებისა და პოლიტიკური ლიდერების გამონათქვამებით არის გამოწვეული. ამ კონტექსტში, ხაზგასმულია ოცნების ლიდერების მიერ ოპოზიციური პარტიების გაუქმების დაპირება და ოპოზიციის, როგორც კრიმინალური ძალის წარმოჩენა.
- დეპუტატები ივანიშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვენ, საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესების მიზეზით.
- ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ სანქციები დაუწესდეთ, პერსონალურად, იმ ადამინებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, ოპოზიციასა და დემონსტრანტებზე ძალადობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე.
ევროკავშირის რეზოლუცაშია ასევე გამოხატულია "ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი," რომელთაც სურთ ევროპული ინტეგრაცია და კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული და მხარდაჭერილია.
ხაზგასმულია ქართული სამოქალაქო საზოგადოების როლი, მოქალაქეების დიდი უმრავლესობის სურვილი და სალომე ზურაბიშვილის პოზიტიური როლი, რამაც კანდიდატის სტატუსის მინიჭება განაპირობა.
რეზოლუციის ავტორები და მხარდამჭერები გმობენ, ქართული ოცნების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ფოტოების წინასაარჩევნო კამპანიაში გამოყენებას, ამას გარდა, მოითხოვენ, რომ ჰუმანიტარული საფუძვლით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლონ.
რეზოლუციის მიღებას, წინ უსწრებდა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯროება, საქართველოსთვის 120 მილიონი ევროს ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ, რომელიც 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი.