ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ბელგიის პოლიციამ 9 დეკემბერს, ბრიუსელში ბერძენი ევროპარლამენტარი ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ამ ინფორმაციას სააგენტო AFP ავრცელებს.
კაილი კორუფციაში შესაძლო ჩართულობისთვის, 4 ადამიანთან ერთად, დააკავეს.
საბერძნეთის სოციალისტურმა პარტია PASOK-მა კაილი მისი რიგებიდან გარიცხა. ის ერთ-ერთი ევროპარლამენტარი იყო, რომელიც აკვირდებოდა კატარში შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას. უფლებადამცველები მუდმივად კრიტიკულად აფასებენ კატარში არსებულ ვითარებას, კერძოდ, საუბრობენ აზიიდან და აფრიკიდან შრომითი მიგრანტების უფლებების დარღვევის შემთხვევებზე.
ევროპარლამენტმა კატარისგან რეფორმები მოითხოვა, რასაც სიტუაციის გაუმჯობესება უნდა გამოეწვია. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კაილი კატარის შრომის მინისტრს, ალი ბინ სამიჰ ალ-მარის შეხვდა და 22 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას მან პოზიტიურად შეაფასა კატარში შრომის ბაზრის რეფორმა და თქვა, რომ ის "არაბულ სამყაროს შთააგონებს".
ევა კაილის გარდა, დააკავეს მისი პარტნიორი, რომელიც ევროპარლამენტში მუშაობს, ასევე, იტალიელი პოლიტიკოსი, პროფკავშირების ასოციაციის წარმომადგენელი და არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი. პოლიციამ ჩხრეკისას კომპიუტერები, მობილური ტელეფონები და 600 ათასი ევრო ამოიღო.