ევროპის კავშირი ბოსნია და ჰერცეგოვინას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ასევე ნიდერლანდებისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინას მოუწოდეს, რომ მან რეფორმების განხორიელება გააგრძელოს, რათა ევროპის კავშირთან გაწევრიანებათან დაკავშირებული მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტესა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩის განცხადებით, ბოსნიამ, მიმდინარე წლის მარტში ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის მოსაპოვებლად, ძალისხმევა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს.

ბოსნია და ჰერცეგოვინამ ევროპის კავშირის წევრობაზე განაცხადი 2016 წელს გააკეთა, კანდიდატის სტატუსი კი 2022 წელს მიიღო. ბოსნიასა და ევროპულ გაერთიანებას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც სარაევო კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან, სასამართლო სისტემასთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით რეფორმებს განახორციელებს და EU-ს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„ევროპის კავშირში გაწევრიანება არის და ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული“, - მარკ რუტე.

რეფორმების წახალისების მიზნით, ბრიუსელი ბოსნიას და დასავლეთ ბალკანეთის თითოეულ სახელმწიფოს, 6 მილიარდის ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს სთავაზობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დახმარების პაკეტი ბოსნიას კეთილდღეობის ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

„ბოსნიამ შესაძლოა 1 მილიარდი ევროს ოდენობის თანხა მიიღოს აღნიშნული პაკეტიდან, როდესაც ის აუცილებელ ეკონომიკურ რეფორმებს განახორციელებს“, - ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სერბეთი, მონტენეგრო, კოსოვო, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია-ჰერცეგოვინა წლებია EU-ში გაწევრიანებას ცდილობენ. დასავლეთ ბალკანეთის თითოეული ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა. რეგიონში განვითარებული კონფლიქტებისა და კრიზისების გამო, აღნიშნული ქვეყნების ევროპულ გაერთიანებასთან დაახლოების პროცესი არაერთხელ შეფერხდა. 2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ, გეოპოლიტიკური ვითარება იმდენად შეცვალა, რომ დღის წესრიგში, ევროპის კავშირის გაფართოების საკითხი დადგა.

კონტექსტი

1992 წლის 9 იანვარს ბოსნია და ჰერცეგოვინაში მცხოვრებმა სერბებმა საკუთარი რესპუბლიკა შექმნეს, რამაც ქვეყანა ოთხწლიან სისხლისმღვრელ ომამდე მიიყვანა. კონფლიქტის მიმდინარეობისას ეთნიკურმა სერბებმა მუსლიმი ბოსნიელებისა და კათოლიკე ხორვატების დევნა დაიწყეს, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

1992-1995 წლების ომი დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა და ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე ორი ერთეული სერბული რესპუბლიკა - სრსპკა და ბოსნიურ-ხორვატული ფედერაცია შეიქმნა. თითოეულ სუბიექტს საკუთარი ასამბლეა და მთავრობა ჰყავს, რომლებსაც სახელმწიფო დონის საკანონმდებლო ორგანო და მინისტრთა საბჭო ზედამხედველობს.

ბოსნია და ჰერცეგოვინის პარლამენტი ორპალატიანია - წარმომადგენელთა პალატა 42, ხოლო სახალხო პალატა 15 წევრისგან (ხუთი ბოსნიელი, ხუთი ხორვატი და ხუთი სერბი) შედგება. აღმასრულებელ ხელისუფლებას სამი წევრისგან (ბოსნიელი, სერბი და ხორვატი) შემდგარი პრეზიდიუმი წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთს 8 თვეში ერთხელ, როტაციის პრინციპით, ენაცვლებიან.

1992-1995 წლების ომის შემდეგ, ბოსნია კვლავ პოლიტიკურად არასტაბილური ქვეყანაა. სრპსკას ლიდერი, მილორად დოდიკი წლებია სერბული რესპუბლიკის ბოსნიიდან გასვლას და აღნიშნული ტერიტორიის სერბეთთან გაერთიანებას უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები