ფაშინიანი: აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმება 5 ოქტომბერს არ გაფორმდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში, გრანადაში ხუთმხრივ შეხვედრაზე აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ბაქოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარე წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება.
"ჩვენ განვაცხადეთ, რომ სამშვიდობო დღის წესრიგი ჩვენი პრიორიტეტია და გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად მოვაწეროთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან, მაგალითად, წლის ბოლომდე ან წლის დასაწყისში და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინტენსიური მოლაპარაკებები გაგრძელდება და ჩვენ მივაღწევთ პრობლემის გადაწყვეტას," - აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთან, მან თქვა, რომ "მთიან ყარაბაღში გაღრმავებული ჰუმანიტარული კრიზისი და ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა უარყოფითად აისახება სამშვიდობო პროცესზე."
5 ოქტომბერს, ესპანურ ქალაქ გრანადაში დაგეგმილია ხუთმხრივი შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის შარლ მიშელის მონაწილეობით.