FBI და MI5 დასავლეთში ჩინური აგენტურის მზარდ საფრთხეზე საუბრობენ
ამერიკული FBI-ს და ბრიტანული MI5-ის ხელმძღვანელებმა დასავლელი ბიზნეს-ლიდერების წინაშე პირველ ერთობლივ გამოსვლაში ჩინური შპიონაჟის მზარდ საფრთხეზე ისაუბრეს.
ქრისტოფერ რეიმ და კენ მაკკალემმა შეხვედრა ბრიტანეთის უშიშროების უწყების (MI5) სათავო ოფისში გამართეს.
„ჩინეთის მთავრობას თქვენი ტექნოლოგიის მოპარვა, თქვენი ბიზნესებისთვის ძირის გამოთხრა და თქვენ ბაზარზე დომინირება სურს“, - უთხრა FBI-ს ლიდერმა დასავლური კომპანიების ხელმძღვანელებს.
აშშ-ს და ბრიტანეთის სადაზვერვო უწყებები მიიჩნევენ, რომ პეკინი დასავლური ტექნოლოგიების მოსაპარად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ჰაკერების ქსელს იყენებს.
მათი თქმით, ჩინეთის ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ახალი გამოძიება „ყოველ 12 საათში ერთხელ იწყება“.
MI5-ის დირექტორის მტკიცებით, უწყება „საეჭვო ჩინური აქტივობების“ შესახებ შვიდჯერ მეტ გამოძიებას აწარმოებს, ვიდრე 2018 წელს.
„ჩინეთის ხელისუფლება დასავლურ ბიზნესებს იმაზე უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე ამას ბევრი ბიზნესმენი აღიქვამს“, - თქვა FBI-ს ხელმძღვანელმა.
ქრისტოფერ რეის თქმით, ჩინეთმა შესაძლოა ტაივანზე სამხედრო ძალით კონტროლის დამყარება სცადოს, რაც „ბიზნეს-ჯაჭვების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მორღვევას“ გამოიწვევს.
„დასავლეთში ბევრს ქონდა განცდა, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და დასავლეთთან კავშირების გაძლიერება ჩინეთს უფრო მეტ პოლიტიკურ თავისუფლებამდე მიიყვანდა - რაც მცდარი აღმოჩნდა“, - განაცხადა ბრიტანული კონტრდაზვერვის უფროსმა.