რუსებმა დაიკავეს ლისიჩანსკი - ბოლო ქალაქი ლუჰანსკის რეგიონში, რომელსაც კვლავ უკრაინელები აკონტროლებდნენ. უკრაინის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, "იძულებულნი გახდნენ, გასულიყვნენ" საკვანძო მნიშვნელობის ქალაქიდან.
დღის მთავარი ამბები უკრაინიდან:
- ლისიჩანსკს რუსები აკონტროლებენ: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, პრეზიდენტ პუტინს აცნობა, რომ კვირას რუსებმა ქალაქი ლისიჩანსკი და რამდენიმე მიმდებარე დასახლება აიღეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა ლისიჩანსკიდან გასვლა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ეხსნათ რუსული საარტილერიო დაბომბვისგან. ზელენსკი პირობას დებს, რომ უკრაინელები ლისიჩანსკსა და დონბასს დაიბრუნებენ.
- სლავიანსკს მძიმე ბომბები ეცემა: კვირას სლავიანსკში დაბომბვის შედეგად მინიმუმ 6 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაშავდა. ქალაქის მერი ამბობს, რომ გასული დღეების დაბომბვა ყველაზე მძიმე იყო. ბომბები ჩამოვარდა მიმდებარე ქალაქ კრამატორსკშიც, თუმცა იქ არავინ დაშავებულა.
- რუსეთი უკრაინას ბელგოროდზე თავდასხმაში ადანაშაულებს: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მტკიცებით, უკრაინელები რუსულ ქალაქების, ბელგოროდისა და კურსკის, საცხოვრებელ რაიონებს გამიზნულად დაესხნენ თავს ტოჩკა-უ-ს ბალისტიკური რაკეტებით და დრონებით. იქამდე ადგილობრივი გუბერნატორი ამბობდა, რომ რეგიონში აფეთქებების შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და არაერთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.
- ავსტრალიის დახმარება: ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანისი კვირას კიევის რეგიონში ჩავიდა. ის ეწვია ბუჩას, გოსტომელსა და ირპინს, შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა. ალბანისის თქმით, ავსტრალია უკრაინას $100 მილიონიან დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რაც სამხედრო აღჭურვილობასა და უსაფრთხოების დახმარებასაც მოიცავს. ასევე, ავსტრალია აკრძალავს რუსული ოქროს იმპორტს და დამატებით 16 რუს მინისტრსა და ოლიგარქს დაუწესებს სანქციებს.
- ბელარუსი უკრაინას სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს: ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, უკრაინა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტების სროლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, რაკეტები ბელარუსის თავდაცვითმა სისტემამ გაანეიტრალა. ლუკაშენკომ, თავდასხმის მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე, მას პროვოკაცია უწოდა. უკრაინული მხარე ლუკაშენკოს გამონათქვამებთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებს.
მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.