გაერო: იემენში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება, ეკონომიკა ჩამოშლილია

 

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე რამეშ რაჯასინგჰამი აცხადებს, რომ იემენში კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისი უფრო და უფრო მძიმდება.

უშიშროების საბჭოსთვის მიმართვაში რაჯასინგჰამმა აღნიშნა, რომ 20 მილიონამდე იემენელი - მოსახლეობის ორი მესამედი - გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს, მაშინ როცა დონორ ორგანიზაციებს საკმარისი ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ.

დღეს ჰუმანიტარული დახმარების მისიები საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით 13 იემენელს ამარაგებენ. „ამით მასშტაბური შიმშილიანობის თავიდან არიდება შევძელითო“, - წერია გაეროს მოხსენებაში.

თუმცა, გაეროს ანგარიშით, წლის ბოლომდე ხუთ მილიონამდე პირი დახმარების გარეშე დარჩება, თუ შესაბამის ჰუმანიტარულ ფონდებს დაფინანსებას არ გაუზრდიან.

იემენში სამოქალაქო ომი 2014 წელს გაჩაღდა, როცა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ამბოხებულებმა დედაქალაქი სანა აიღეს, რის გამოც იემენის მთავრობას ქვეყნის სამხრეთით გაქცევა, შემდეგ კი საუდის არაბეთში ემიგრაცია მოუწია.

2015 წელს საუდის არაბეთმა, რომელიც იემენს ჩრდილოეთით ესაზღვრება, პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად სამხედრო ინტერვენცია დაიწყო, რამაც იემენში ჰუმანიტარული ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

 

 

მსგავსი სიახლეები