განგაში ნორვეგიის სამხრეთში: მოქალაქეებს ძლიერი წვიმის შესახებ აფრთხილებენ
ნორვეგიაში წითელი დონის განგაში გამოცხადდა სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილში ამინდის გაუარესების შესაძლებლობის გამო, რომელმაც შეიძლება ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა გამოიწვიოს.
ამის შესახებ NRK იუწყება.
ორშაბათს და სამშაბათს ქვეყანაში უამინდობას ელიან. პროგნოზების მიხედვით, ზოგან შესაძლოა ბოლო 25 წლის განმავლობაში რეკორდული ნალექი მოვიდეს.
თავდაპირველად, ნორვეგიის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა და ნორვეგიის წყლისა და ენერგიის დირექტორატმა განგაშის ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა, მაგრამ შემდეგ იგი წითლად შეცვალეს. ნორვეგიაში ამინდის გაუარესებას საფრთხის ამ დონეს იშვიათად ანიჭებენ.
ჰიდროლოგიის ექსპერტის, ტრინე ჰეგდალის თქმით, სიტუაცია "ძალიან სერიოზული" და იშვიათია, რომ ექსტრემალური მოვლენები საფრთხეს უქმნის ასეთ დიდ ტერიტორიას.
ძლიერი წვიმა მდინარის კალაპოტებთან წყალდიდობის საფრთხეს შექმნის და გამოიწვევს გზების გადაკეტვას ყველაზე დაუცველ ადგილებში. შესაძლოა გაჩნდეს მეწყერის საფრთხეც.
უამინდობის შესაძლო შედეგებზე რეაგირება წინასწარ განიხილეს ყველაზე დიდი რისკის ზონის მუნიციპალიტეტებთან და შეიქმნა სპეციალური ანტიკრიზისული ჯგუფი.
მოსახლეობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ თავიანთი სახლების მიმდებარე ტერიტორიის რისკები და მოემზადონ უამინდობისთვის, გადადონ მთაში ლაშქრობები და გაითვალისწინონ, რომ ელექტროენერგია და კომუნიკაციები შესაძლოა გაითიშოს.