განცი: 1948 წლის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან ომში ვიბრძვით
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის წევრმა, მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი "მაქსიმალურად გამოიყენებს" ჰამასთან მძევლების შეთანხმების ჩარჩოს, მაგრამ მზადაა განაახლოს ბრძოლა შეთანხმების ვადის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე.
29 ნოემბერს ჰამასმა განაცხადა, რომ მზად არის ზავი გაახანგრძლივოს, რომელიც უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ მოლაპარაკებები ამის შესახებ ახლაც მიმდინარეობს.
"ჩვენ რთულ მომენტში ვართ, შეთანხმების ფარგლებში გვაქვს დროის ფანჯარა ჩვენი გატაცებულების დასაბრუნებლად. ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ყველაფერი," - განაცხადა განცმა პრესასთან საუბრისას. "ამავდროულად, ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ ბრძოლას ნებისმიერ მომენტში, მათ შორის ახლაც."
მინისტრის თქმით, ისრაელი 1948 წლის დამოუკიდებლობის ომის შემდეგ "ყველაზე მნიშვნელოვან ომში" იბრძვის.
მან გაიმეორა, რომ ისრაელი ჰამასს არაფერს დაუთმობს და ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელის საზღვრისპირა თემების მცხოვრებლები, რომლებიც ევაკუირებული არიან, "უსაფრთხოდ დაბრუნდებიან" საკუთარ სახლებში.