განცის პარტია 37 მანდატით ლიდერობს და ნეთანიაჰუს მხარდაჭერა შემცირდა - კვლევა
პარტია ეროვნული ერთობის ლიდერი ბენი განცი ადვილად შეძლებდა კოალიციის შექმნას, თუ არჩევნები დღეს ჩატარდებოდა. ამის შესახებ მე-12 არხის მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ვკითხულობთ.
მისი პარტია ისრაელის ქნესეთში ყველაზე დიდი ძალა იქნებოდა და ის ასევე დიდი სხვაობით უსწრებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, როგორც სასურველ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.
თუ არჩევნები დღეს ჩატარდება, ნეთანიაჰუს ომამდელ კოალიციაში შემავალი პარტიები მხოლოდ 44 საპარლამენტო ადგილს მოიპოვებენ, 2022 წლის ნოემბრის არჩევნებში 64 მიიღეს, ხოლო ოპოზიციური ბლოკი, რომელიც მან დაამარცხა, 71 ადგილს მოიპოვებდა 120-წევრიან ქნესეთში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ფინანსთა მინისტრის, ბეცალელ სმოტრიჩის ულტრამემარჯვენე პარტია რელიგიური სიონიზმი ქნესეთში შესვლას ვერ ახერხებს.
განცის პარტია ეროვნული ერთობა, რომელიც ომისას შექმნილ ერთიანობის კოალიციას ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ შეუერთდა, 37 მანდატს მოიპოვებს, ხოლო ნეთანიაჰუს ლიკუდი 18 მანდატამდე შემცირდება.
პარტიების მხარდაჭერა ასეთია (2022 წლის არჩევნებში მოპოვებული მანდატები ფრჩხილებში): ეროვნული ერთობა - 37 მანდატი (12); ლიკუდი - 18 (32); იეშ ატიდი - 15 (24); შასი - 11 (11); ისრაელი ბეიტენუ - 9 (6); ებრაული ძალა - 8 (14 რელიგიური სიონიზმთან ალიანსში); გაერთიანებული თორის იუდაიზმი - 7 (7); ჰადაშ-ტა’ალ - 5 (5); მერეცი - 5 (0) და რაამი 5 (5).
რელიგიურმა სიონიზმა, ბალადმა და ლეიბორისტებმა (4) ბარიერის გადასალახად საჭირო 3.25% ვერ მიიღეს.
თუ პარტიები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის, მოსადის ყოფილი უფროსის იოსი კოენის და გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილის იაირ გოლანის ლიდერობით გავლენ არჩევნებზე, ასეთ მხარდაჭერას მიიღებენ: ეროვნული ერთობა - 23; ლიკუდი - 15; ბენეტის პარტია - 13; შასი 11; იეშ ატიდი - 10; ლეიბორისტების და მერეცის ალიანსი გოლანის ლიდერობით - 9; იოსი კოენის პარტია - 9; გაერთიანებული თორის იუდაიზმი - 7; ებრაული ძალა - 7; ისრაელ ბეიტენუ - 6; ჰადაშ-ტა’ალ - 5 და რაამი - 5.
კითხვაზე, თუ ვინ არის უფრო შესაფერისი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, 45%-მა უპასუხა განცი, 27%-მა - ნეთანიაჰუ. პრემიერის პოსტზე ნეთანიაჰუ ბენეტთანაც მარცხდება 33%-29%-ზე. თუმცა, იაირ ლაპიდს 32%-28%-ზე სჯობნის.
კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები, 57%-მა თქვა დიახ, 35%-მა - არა.
კითხვაზე, უნდა ჩაიბაროს თუ არა პალესტინის ხელისუფლებამ ღაზაზე კონტროლი ომის შემდეგ, 54%-მა თქვა არა, ხოლო 19%-მა - დიახ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა Midgam-მა 504 რესპონდენტს შორის ჩაატარა, ცდომილების ზღვარი 4.4% იყო.