გავლენიანი შიიტი სასულიერო პირი ერაყელებს მასშტაბური პროტესტისკენ მოუწოდებს

გავლენიანი შიიტი სასულიერო ლიდერი მუკთადა ას-სადრი ერაყელებს მასშტაბური დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს.

„ყველას მოვუწოდებ, მხარი დაუჭურიონ რეფორმისტ რევოლუციონერებს“, - განაცხადა ნაციონალისტური ხედვებით ცნობილმა სასულიერო პირმა.

გასულ კვირაში სადრის მხარდამჭერები ბაღდადის მწვანე ზონაში მდებარე პარლამენტში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს.

პოლიციასთან შეტაკებისას 100-მდე დემონსტრანტი და 25 სამართალდამცავი დაშავდა.

სადრის მხარდამჭერების უკმაყოფილება ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგინებამ გამოიწვია, რომელიც ირანული კურსის გამტარად მიიჩნევა.

თეირანის მომხრე კოორდინაციის ჩარჩოს დაჯგუფებამ სადრის განცხადება სახელმწიფოს გადატრიალებისკენ მოწოდებად შეაფასა.

ბლოკში ირანთან დაახლოებული პოლიტიკური ძალები შედიან. მათ შორისაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიქი და გასამხედროებული დაჯგუფება ჰაშდ აშ-შა’ბი.


გასული წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში სადრის პარტიამ პირველი ადგილი დაიკავა და ყველაზე მსხვილი საპარლამენტო წარმომადგენლობა მოიპოვა.

თუმცა, ივნისში სადრის 73 დეპუტატმა პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო თავად სასულიერო ლიდერმა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის პოლიტიკა სექტარიანული და ეთნიკური დაპირისპირებებით გამოირჩევა.

ბაღდადში ძალაუფლებას ერთმანეთს პრო-ირანული და ნაციონალისტური ძალები ეცილებიან.

პარალელურად, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას განაგრძობენ ქურთისტანის ავტონომიურ ოლქში.

მსგავსი სიახლეები