გერმანიაში ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღების რატიფიცირება მოხდა

გერმანია NATO-ს მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრების რატიფიცირება მოხდა.

ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ ათწლეულოვანი ტრადიცია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაარღვია და NATO-ში შესვლა გადაწყვიტა.

ივნისის ბოლოს გამართულ ალიანსის სამიტზე NATO-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ ორი ახალი წევრის მიღებას მხარი დაუჭირა. ახალი წევრების მიღების მომდევნო ეტაპი კი ყველა მათგანის პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების რატიფიცირებაა.

Deutsche Welle-ს თანახმად, გერმანიას სურდა, გამხდარიყო პირველი ქვეყანა, რომელიც რატიფიცირებას მოახდენდა, თუმცა კანადამ, ესტონეთმა, დანიამ და ნორვეგიამ პროცედურები უფრო სწრაფად წარმართეს.

ამისდა მიუხედავად, გერმანელი პოლიტიკოსები თვლიან, რომ ჩქარი რატიფიცირება ქვეყნის მხრიდან ძლიერი სიგნალის ნიშანია.

ბუნდესტაგში ფინეთისა და შვედეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიღებას მხარი დაუჭირეს როგორც სამთავრობო (სოციალ-დემოკრატები, მწვანეები, თავისუფალი დემოკრატები), ისე ოპოზიციურმა პარტიებმა (ქრისტიან-დემოკრატები, ალტერნატივა გერმანიისთვის). ერთადერთი პარტია, რომელიც კენჭისყრას არ დაესწრო, აღმოსავლეთ გერმანიის კომპარტიის მემკვიდრე, "მემარცხენე პარტია", აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები