გერმანულ კონცერნ Rheinmetall-ს უკრაინაში სატანკო ქარხნის აშენება სურს
გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall უკრაინაში სატანკო ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ 4 მარტს, კომპანიის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა გაზეთ Rheinische Post-ს განუცხადა.
"Rheinmetall-ის ქარხანა შეიძლება უკრაინაში დაახლოებით 200 მილიონ ევროდ აშენდეს. ის შეძლებს წელიწადში 400-მდე საბრძოლო ტანკის წარმოება", - თქვა პაპერგერმა.
პაპერგერმა აღნიშნა, უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები "პერსპექტიულია". ის იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას "მომდევნო ორი თვის განმავლობაში" მიიღებენ.
Rheinmetall-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ ქარხანა რუსული საჰაერო თავდასხმებისგან შეიძლება დაცული იყოს.
"საჰაერო თავდაცვის საშუალებებით მისი დაცვა რთული არ იქნება", - აღნიშნა მან.
პაპერგერი თვლის, რომ უკრაინას 600-დან 800-მდე ტანკი სჭირდება გამარჯვებისთვის. მისი თქმით, თუ გერმანია ბუნდესვერის შეიარღებაში არსებულ 300 Leopard 2-ზე იტყვის უარს, ეს მაინც ძალიან ცოტა იქნება, ამიტომ ახალი ტანკების წარმოება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს.