გირკინმა "გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი" შექმნა: ჩვენ დამარცხებისკენ მივდივართ
დონეცკელი სეპარატისტების ყოფილმა ლიდრმა და ФСБ-ს დივერსანტმა იგორ გირკინმა (სტრელკოვი), დონეცკელმა კოლაბორაციონისტმა პაველ გუბარევმა, პროპაგანდისტმა მაქსიმ კალაშნიკოვმა და სხვებმა ეგრეთ წოდებული "გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი" შექმნეს და ასევე თავიანთი მანიფესტი გამოაქვეყნეს.
"ვქმნით "გაბრაზებული პატრიოტთა კლუბს"... სამწუხაროდ, ფრონტზე არსებული ვითარება, რომელსაც მედია ყველანაირად ფარავს, უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს მთელ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. არ მეშინია იმის თქმა, რომ სამხედრო დამარცხებისკენ მივდივართ... ჩვენ შევედით დიდ, ხანგრძლივ ომში, რისთვისაც ჩვენი ეკონომიკა სრულიად მოუმზადებელი იყო. არმიაც და პოლიტიკური სისტემაც არ იყო ამისთვის მზად." - თქვა გირკინმა.
კონტექსტი
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე, 2014 წლის 21 თებერვალს, გირკინი (ფსევდონიმით სტრელკოვი), შეიარაღებულ მებრძოლთა ჯგუფთან ერთად, ჩავიდა ყირიმში და, მისივე აღიარებით, ადგილობრივი დეპუტატები იარაღის მუქარით შეიყვანა დარბაზში, რათა ხმა მიეცათ უკრაინიდან გამოყოფის შესახებ "რეფერენდუმის" ჩატარებისთვის.
"რეფერენდუმის" შემდეგ მან დატოვა ყირიმი, მაგრამ უკვე 12 აპრილის ღამეს, ორმოცდაათზე მეტი შეიარაღებული ბოევიკისგან შემდგარი ჯგუფით, მან დონეცკის ოლქში, სლავიანსკში ადმინისტრაციული შენობები დაიკავა და "დონბასის მილიციის" სახელით "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" შექმნა გამოაცხადა.
2014 წლის გაზაფხულზე ეგრეთ წოდებული "დონბასის სახალხო მილიცია" დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციაში შეიჭრა, სახურავზე რუსეთის დროშა აღმართა და დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა.
დონეცკელი სეპარატისტი გუბარევი "სახალხო გუბერნატორი" გახდა, რუსი პროპაგანდისტი კალაშნიკოვი კი - სამხედრო კომისარი.