გროზევი: მზად ვართ საქართველოს სააკაშვილის საქმის გამოძიებაში დავეხმაროთ

საგამოძიებო-ჟურნალისტიკური Bellingcat-ის აღმასრულებელი რედაქტორი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საქმის გამოძიებაში დახმარებას სთავაზობს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [საქართველოს მთავრობა] დაინტერესებულნი არიან ამ საკითხის გამოძიებით. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუ ისინი მზად არიან გაგვიზიარონ მონაცემები - საეჭვო პირების გადაადგილება და საზღვრის კვეთა დამატებით გადამოწმებას მოითხოვს",- ამბობს გროზევი. 

ხრისტო გროზევის თქმით, მისი გუნდის ჟურნალისტები უკვე გაეცნენ ამერიკელი ტოქსიკოლოგების დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გროზევი ამბობს, რომ მათ გაიარეს კონსულტაციები ქიმიური იარაღისა და ნივთიერებების სპეციალისტებთან და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის ვერსია ყველაზე სანდო ვერსიაა. 

გროზევის თქმით, არსებობს მოტოვიც - "სააკაშვილი ГРУ-სა და ФСБ-ს მტრების სიაში შედის, მათ შეეძლოთ ასეთი გადაწყვეტილების მიღება". 

კონტექსტი

მიხეილ სააკაშვილმა მისი შესაძლო მოწამვლის საქმეზე ხრისტო გროზევს დახმარება გასულ კვირას სთხოვა - "ძვირფასო ხრისტო, მე თქვენი საქმიანობის ძველი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ თქვენთვის დახმარების თხოვნა მომიწევდა. როგორც თქვენ იცით აშშ-ს ერთ-ერთმა წამყვანმა ლაბორატორიამ და ნიუ-იორკში გამოჩენილმა ტოქსიკოლოგმა დაადასტურეს, რომ მიმდინარე წლის მარტში მომწამლეს". 

 

მსგავსი სიახლეები