17 ოქტომბერს, ღაზაში ალ-აჰლის ჰოსპიტალთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეგიონს მღელვარების ტალღამ გადაუარა.
ჰამასის მთავრობამ მომხდარში დაუყოვნებლივ ისრაელი დაადანაშაულა - ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობდნენ, ისრაელის საავიაციო დარტყმას ასეულობით მშვიდობიანი პალესტინელი ემსხვერპლა.
ამას მოჰყვა რეგიონის არაბული სახელმწიფოების მკაცრი რეაქცია, რომელშიც ისინი პრაქტიკულად ზუსტად იმეორებდნენ ჰამასის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მათ შორის იყვნენ ისეთი ქვეყნები როგორებიც არიან ეგვიპტე, იორდანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები - ქვეყნები, რომლებიც არაბულ სამყაროში ისრაელის ყველაზე საიმედო პარტნიორებად მიიჩნევიან. მალევე დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ლიბანში, იორდანიაში, ერაყში, თურქეთში.
ეს ყველაფერი კი ისრაელში ჯო ბაიდენის სოლიდარობის ვიზიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ხდებოდა. სწორედ ალ-აჰლის საავადმყოფოს ინციდენტის გამო, გაუქმდა აშშ-ს, იორდანიის, ეგვიპტისა და პალესტინური ადმინისტრაციის სამიტი.
მომხდარს მალევე გამოეხმაურა ისრაელის არმიაც, სადაც განაცხადეს, რომ მათ არ დაუბომბიათ ალ-აჰლის ჰოსპიტალი. საოპერაციო სისტემების გადამოწმების შემდეგ, ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ალ-აჰლის საავადმყოფოს თავზე ღაზადან გაშვებული გაუმართავი რაკეტა ჩამოვარდა, რომელიც სავარაუდოდ ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებას ეკუთვნოდა.
მომდევნო საათებში ისრაელის არმიამ მოვლენების საკუთარი ვერსია წარმოადგინა, მათ შორის ადგილის სატელიტური ფოტოებით, რადარების ჩანაწერები და ოპერატიული ინფორმაციაც. ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა სავარაუდოდ ჰამასის ბოევიკების სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ისინი აღიარებენ, რომ ჰოსპიტალის თავზე ღაზადან გაშვებული რაკეტა ჩამოვარდა.
ამ ინფორმაციის ავთენტურობის დამოუკიდებელი ვერიფიკაცია შეუძლებელია.
დილის დადგომასა და საავადმყოფოს ეზოში გადაღებული ფოტოებისა და ვიდეობის გავრცელებასთან ერთად ნათელი გახდა ნგრევის მასშტაბი და დაზიანებები - არსებულმა სურათმა ეჭვქვეშ დააყენა ისრაელის საავიაციო დარტყმის ვერსია.
უკვე დილის საათებში, ისრაელში მყოფმა აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ალ-აჰლის სააავადმყოფოს ტრაგედია "სხვა მხარის შეცდომის შედეგი იყო." მოგვიანებით, მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა პენტაგონმაც.
უკვე საღამოს საათებში Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ღაზადან გაშვებული გაუმართავი რაკეტა იყო.
ურთიერთბრალდებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისრაელისგან განსხვავებით, ჰამასს თავისი ვერსიის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მათ შორის არც რაკეტისა და თუ ბომბის ნამსხვრევები, რომელიც მათივე მტკიცებით აქვთ.
მომხდარი ტრაგედიის მიზეზის დადგენასა და სრული სურათის აღდგენას სრულფასოვანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჭირდება. სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი დანამვდილებით რომელიმე მხარის ბრალეულობაზე, თუმცა არსებულ ვითარებაში ასეთი გამოძიების ჩატარების ალბათობა არ არის მაღალი.
ასეთ ვითარებაში ყველაზე სანდო წყაროს დამოუიდებელი და ნეიტრალური დამკვირვებლები, მედიები, ექსპერტები და ანალიტიკოსები წარმოადგენენ, რომლებიც ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობენ და გავრცელებული კადრებისა თუ ცნობების ვერიფიკაციას ცდილობენ.
ჩვენ შევკირებით დამოუკიდებელი და ნეიტრალური დამკვირვებლების მოსაზრებები მომხდართან დაკავშირებით.
აფეთქება
ალ-აჰლის ჰოსპიტალთან აფეთქება ადგილობრივი დროით 19 საათზე მოხდა. მალევე რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელებში გავრცელდა დაახლოებით 20 წამიანი ვიდეო - ეს ვიდეოს ამსახველი პირველი ვიზუალური მასალაა.
ვიდეოში ისმის რაკეტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ხმა, რასაც მალევე მოჰყვა აფეთქება და ხანძარი.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან მასალას Al-Jazeera-ს პირდაპირი ეთერი წარმოადგენს - ადგილობრივი დროით 18:59-ზე კადრში ღაზის ცაზე 2 ნათელი წერტილი ჩანს, მაღალი ალბათობით ეს რაკეტებია. მალევე სავარაუდო რაკეტა რადიკალურად იცვლიან ტრაექტორიას და ფეთქდება.
BBC Verify-ის მიერ გეოლოცირებული ვიდეოდან ჩანს, რომ ჰაერში აფეთქებას მიწაზე 2 დიდი აფეთქება მოჰყვა. ზოგი კომენტატორის აზრით, კადრებზე მიწაზე მომხდარი აფეთქება რაკეტის დეზინტეგრაციას და ნამსხვრევების მიწაზე ჩამოვარდნას უკავშირდება. მალევე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომელზეც მიწაზე მომხდარი აფეთქბები სხვადასხვა კუთხიდან არის გადაღებული.
კითხვაზე რამდენად კადრებში გაგონილი ხმისა და აფეთქების ზომაზე დაყრდნობით რამდენად შესაძლებელია ჰოსპიტალში მომხდარი აფეთქების მიზეზის დადგენა BBC-ის მიერ გამოკითხული 3 ექსპერტი პასუხობს, რომ ეს არ ჰგავს ისრაელის ავიაციის მიერ ტიპურ განხორციელებულ ტიპურ საავიაციო დარტყმას.
მსგავს დასკვნას აკეთებს ბრიტანეთის სამეფო ანალიტიკური სამსახურის RUSI-ს ექსპერტი ჯასტინ ბრონკიც - "ეს არ ჰგავს დარტყმას ტიპური ავიაბომბების გამოყენებით, განსხვავებულია ხმაც. შემომავალი რაკეტის ხმა მეტყველებს, რომ მას ძალა არ ჰყოფნის და ჰაერში იშლება, აფეთქებაც უფრო ჰგავს ასეთი რაკეტის დაშლის შედეგს, ვიდრე დიდი ბომბის დეტონაციას",- წერს ბრონკი.
ავიაბომბთან შედარებით მცირე აფეთქებაზე ამახვილებს ყურადღებას ვანდერბლიტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეს განონიც - განონის თქმით, აფეთქება მცირე მასშტაბისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სითბური ტალღა ხანძარი და მაღალი ალბათობით ჰაერში გაბნეული რაკეტის საწვავით არის გამოწვეული.
განონის თქმით, მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს რაკეტასთან, რომლის ძრავიც გადახურდა, რასაც საბრძოლო მასალის დეზინტეგრაცია მოჰყვა.
ისრაელის მიერ გავრცელებული კადრები და ვერსია შეისწავლა Channel4-მა - კადრების ანალიზის შედეგად ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისრაელის მიერ გავრცელებული ვერსია, რომ რაკეტა საავადმყოფოსთან მდებარე სასაფლაოდან იყო გაშვებული საეჭვოა.
"დააკვირდით ვიდეოს, რაკეტების ტრაექტორია არ ემთხვევა სასაფლაოდან გაშვებული საბრძოლო მასალის ლოკაციას, ზედმეტად დიდი სიმაღლეა, ზედმეტად ჰორიზონტალურია",- ნათქვამია ტელეარხის სიუჟეტში.
გარდა ამისა, ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ისრაელის მიერ გავრცელებულ სხვა პრეზენტაციაზეც, რომელშიც რაკეტების გაშვების სხვა ლოკაციაა მითითებული.
ყურადღებას იქცევს ისრაელის მიერ გავრცელებული ჰამასის ბოევიკების სატელეფონო ჩანაწერიც - არხის მიერ გამოკითხული დამოუკიდებელი არაბი ჟურნალისტები ამბობენ, რომ მოსაუბრეების დიალექტი, სინტაქსი, ტონალობა და აქცენტი საეჭვოა.
ზოგი ექსპერტის თქმით, ისრაელი ხშირად იყენებს დრონებსაც, რამაც შესაძლოა მსგავსი ეფექტი იქონიოს - საბრძოლო მასალას, რომელსაც ისრაელის არმიის დრონები ატარებენ, მათი დეზინტეგრაციის შემთხვევაში ასევე შეუძლიათ სითბური ტალღის გენერირება, რასაც შესაძლოა ხანძარიც მოჰყვეს.
გლობალური რისკების ანალიზის ცენტრის, ვალერია სკიუტოს თქმით, ამგვარი საბრძოლო მასალის გამოყენებას ასევე არ ახლავს სტრუქტურული ნგრევა, თუმცა ადგილიდან გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალის მიხედვით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰოსპიტალში მომხდარი აფეთქების მიზეზი ისრაელის მიერ გაშვებული დრონი გახდა.
მტკიცებულებები შემთხვევის ადგილიდან
სატელიტური ფოტოების მიხედვით აფეთქება არა საავამდყოფოს შენობაში, არამედ ეზოში მოხდა, რა დროსაც იქ თვითმხილველების ცნობით, ათეულობით სამოქალაქო პირი იმყოფებოდა.
ადგილიდან გავრცელებული ფოტოებზე არ ჩანს შენობების სტრუქტურული ნგრევა და დიდი კრატერი, რაც ისრაელის საავიაციო დარტყმებს ახასიათებს.
სწორედ ამ გარემოებაზე აკეთებს აქცენტს ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის კიბერპოლიტიკის ექსპერტი ნათან რუსერი - "აფეთქების ადგილზე გადაღებული ფოტოები არ არის საავიაციო დარტყმის შესაბამისი და ეწინააღმდეგება გავრცელებულ ცნობებს 500-ზე მეტი ადამიანის მსხვერპლის შესახებ",- წერს ექსპერტი.
ყურადღებას იქცევს, საავადმყოფოს პარკინგზე გადაღებული ფოტოები, რომელზეც რამდენიმე დაწმვარი და ერთი სრულად ამობრუნებული ავტომობილი ჩანს. აღნიშნული ფოტო სრულ შესაბამისობაშია ისრაელის არმიის მიერ აფეთქებიდან 2 საათში გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებთან.
ადგილზე აღმოჩენილი კრატერები ძალიან მცირე ზომისაა, განსაკუთრებით იმასთან შედარებით, რასაც ისრაელის არმიის არსენალში არსებული საავიაციო ბომბები ტოვებს. გარდა ამისა უცნობია, აღნიშნული კრატერების წარმოშობის დრო.
კიდევ ერთ გარემოება, რომელიც ნაკლებად სავარაუდოს ხდის ისრაელის საავიაციო დარტყმას ის არის, რომ ჰოსპიტალის ეზოში გადაღებული ფოტოებზე აღბეჭდილი სცენა ძალიან ჰგავს ჰამასის მიერ ისრაელის ქალაქების სარაკეტო დარტყმების შედეგებს.
კრატერისა და სტრუქტურული ნგრევის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას Bellingcat-იც - გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია, რომ დაზიანებები ძირითადად უმნიშვნელოა და სახურავისა დაზიანებითა და ფანჯრების ჩამსხვრევით არის გამოხატული.
კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას წარმოადგენს ჰოსპიტალში მომხდარ აფეთქებამდე ჰამასის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომელსაც ყურადღება Guardian-მა მიაქცია. მთელი დღის განმავლობაში ჰამასთან დაკავშირებული ტელეგრამ არხები ავრცელებდნენ ცნობებს ისრაელის ქალაქის მიმართულებით სარაკეტო დარტყმების შესახებ.
ადგილობრივი დროით 19 საათზე ჰამასის სამხედრო ფრთის ტელეგრამ არხმა გაავრცელა ცნობები, რომ რაკეტები გაშვებულია აშდოდის მიმართულებით, კიდევ 3 წუთის შემდეგ კი თელ-ავივზე სარაკეტო დარტყმის შესახებ. ბოლო პრეს-რელიზს პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მოჰყვა განცხადება, რომელშიც ჯგუფი ჰოსპიტალზე განხორციელებულ დარტყმაში ისრაელის არმიას ადანაშაულებდა.
ღაზადან გაშვებული რაკეტის ვერსიის ამყარებს შემდეგი გარემოებაც - IDF-ის ცნობით, კონფლიქტის გამწვავებიდან ამ დრომდე ჰამასისა და ისლამური ჯიჰადის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული ათოსობით რაკეტიდან 450-ზე მეტი გაუმართაობის გამო ღაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მსხვერპლი
კიდევ ერთ საეჭვო გარემოებას ჰამასის კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მსხვერპლის რაოდენობის შესახებ გავრცელებული ცნობები წარმოადგენს. შესაძლოა აფეთქების მიზეზის დადგენაში უფრო მეტი სიცხადე შეიტანოს დაზიანებებმა, რომლებიც ადგილზე მყოფმა ადამიანებმა მიიღეს.
BBC-ის ინფორმაციით, აფეთქების მომენტში ჰოსპიტალის ეზოში აფარებდა 1000-მდე ადამიანი, ხოლო კიდევ 600 ადამიანი უშუალოდ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
გამოცემის მიერ გამოკითხული მედიკოსების თქმით, მათ მიერ ნანახი დაზიანებები შეესაბამება რაკეტის ნამსხვრევების შედეგად მიღებულ დაზიანებებს.
რაც შეეხება მსხვერპლს, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად მოკლულია 471 ადამიანი - რიცხვს დამოუკიდებელი ექსპერტები სკეპტიკურად უყურებენ. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დასახელებული რიცხვი არ შეესაბამება რეალობას და მიზანმიმართულად არის გაბერილი.
Guardian-ის მიერ გამოკითხული პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ დასახელებული რიცხვი ასტრონომიულია და მისი დადასტურების შემთხვევაში არაბულ-ებრაული კონფლიქტის ისტორიაში ეს ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იქნება.
"ეჭვი არ მეპარება, რომ მსხვერპლი საკმაოდ დიდია, მაგრამ დასახელებული რიცხვი ზედმეტად მაღალია, ვიტყოდი წარმოუდგენელიც კი",- წერს ნათან რუსერი.
აფეთქების შედეგად მოკლული ადამიანების რიცხვის დადგენა ამ დროისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია. დასავლური მედიების ვერიფიცირებული ვიდეოებში ჩანს, ათეულობით ცხედარი, თუმცა ზუსტი რიცხვის დადგენა კვლავ შეუძლებელია.
ღაზაში მდებარე კიდევ ერთი, ალ-შიფას ჰოსპიტალის დირექტორმა, მოჰამად აბუ-სელიმმა აფეთქებიდან რამდენიმე საათში განაცხადა, რომ დაღუპულთა რაოდენობა 150-დან 200-მდე მერყეობდა და დაჭრილი იყო 300-მდე ადამიანი.
______________
ისრაელისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ნათელია, რომ ეს არ შეცვლის რეგიონის არაბული სახელმწიფოების მიდგომას, რომლებმაც მომხდარში დამნაშავედ ისრაელი უკვე "დანიშნეს."
ამაზე მეტყველებს ეგვიპტის პრეზიდენტის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის მოქალაქეებს ისრაელის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდებს.
მომხდარ ტრაგედიაზე სრული სიმართლის დადგენა მხოლოდ სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
საყურადღებოა ისიც, რომ ამ კონფლიქტის ისტორიაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც თავდაპირველად მხარეები უარყოფდნენ თავიანთ მონაწილეობას რომელიმე ინციდენტში, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ აღიარებდნენ.
ბოლოს ასეთი შემთხვევა გასულ წელს მოხდა - ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე გასროლას Al-jazeera-ს ფოტოჟურნალისტი, შირენ აბუ აკლე ემსხვერპლა. თავდაპირველად ისრაელის მთავრობა უარყოფდა, რომ ჟურნალისტი ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცის ტყვიას ემსხვერპლა, თუმცა მოგვიანებით მათ აღიარეს, რომ "მაღალი ალბათობით" ჟურნალისტი, სწორედ ისრაელელი ჯარისკაცის ტყვიას ემსხვერპლა.