ილჰამ ალიევმა შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ შუშას აზერბაიჯანის კულტურული დედაქალაქის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Trend ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ალიევმა ხელი დღეს მოაწერა. ალიევი შუშას კულტურულ დედაქალაქად გამოცხადების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში საუბრობდა. "შუშა ამას იმსახურებს, ვფიქრობ შუშა უნდა მიიჩნეოდეს არამხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის კულტურულ დედაქალაქადაც",- ამბობდა ალიევი. 

შუშა ყარაბაღის სიდიდით მეორე ქალაქია, რომელშიც ისტორიულად ეთნიკური აზერბაიჯანელები ჭარბობდნენ. 1990-იან წლებში ყარაბაღის პირველი ომის შედეგად ქალაქი სომხურმა მხარემ დაიკავა, რასაც შუშადან აზერბაიჯანელების განდევნა მოჰყვა. 

კულტურული ღირებულების გარდა შუშას აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული სამხედრო მნიშვნელობა აქვს, ქალაქი ყარაბაღის დედაქალაქ, სტეფანაკერტიდან 11 კილომეტრის დაშორებით მაღლობზე მდებარეობს. გასული წლის შემოდგომაზე ყარაბაღის მეორე ომის მიწურულს აზერბაიჯანულმა მხარემ შუშაზე კონტროლი დაამყარა, აქედან რამდენიმე საათში რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანი და სომხეთი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები