ინტერპოლის თავმჯდომარედ წამებაში ეჭვმიტანილი საამიროელი გენერალი აირჩიეს

 

ხუთშაბათს ინტერპოლის თავმჯდომარედ გაერთიანებული არაბული საამიროების კანდიდატი - წამებაში ეჭვმიტანილი გენერალი აჰმედ ნასერ ალ-რაისი აირჩიეს, რასაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების აღშფოთება მოჰყვა.

საამიროების უშიშროების ძალების უფროსი ალ-რაისი სამართალდამცავი ორგანიზაციების საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანოს ოთხი წლით უხელმძღვანელებს.

რაისს „წამების ორგანიზებისთვის“ გასულ თვეში საფრანგეთის და თურქეთის სასამართლოებში უჩივლეს.

მის სახელს უკავშირდება საამიროელი დისიდენტი აჰმედ მანსურის და ბრიტანელი მეცნიერის, მაიკლ ჰეჯისის წამება და არაადამიანური მოპყრობა.

„ალ-რაისის თანამდებობაზე არჩევა ძირს უთხრის ინტერპოლის მისიას და მნიშვნელოვნად დააზარალებს ორგანიზაციის ეფექტიანად ფუნქციონირებას“, - განაცხადეს საამიროელი გენერლის დანიშვნით შეშფოთებულმა ევროპარლამენტარებმა.

სპარსეთის ყურის ამ მდიდარ სახელმწიფოს ინტერპოლის მაღალჩინოსნებზე ზეგავლენაში ადანაშაულებენ. 2017 წელს საამიროებმა ინტერპოლის ქვემდებარე ფონდს 50 მილიონი ევრო შესწირა.

მსგავსი სიახლეები