ირანი ბირთვული პროგრამის მონიტორინგის კამერებს არ ჩართავს, სანამ შეთანხმება არ აღდგება - ირანული მედია

ირანი ბირთვული პროგრამის ობიექტებზე დამონტაჟებულ კამერებს არ ჩართავს, სანამ 2015 წელს დადებული ხელშეკრულება არ აღდგება, წერს ირანული სამთავრობო მედია Tasnim-ი.

ივნისში ირანმა ატომურ ობიექტებზე 27 კამერა გამორთო, რომლებსაც მონიტორინგისთვის გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იყენებდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა IAEA-ს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „არაპროფესიონალიზმსა და არაკონსტრუქციულობაში“ დაადანაშაულა.

ცოტა ხნის წინ IAEA-ს ბორდმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ირანს არადეკლარირებულ ობიექტებზე ურანის გამდიდრებაში სდებენ ბრალს.

სააგენტოს ინფორმაციით, ირანმა ურანი 60 პროცენტიან ნიშნულამდე გაამდიდრა, რაც ბირთვული იარაღისთვის საჭირო 90 პროცენტს უახლოვდება.


გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა თეირანის მიერ სამხედრო ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის სანაცვლოდ.

2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმების აღდგენას ისახავს მიზნად, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

ივნისის დასაწყისში გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ ( IAEA) განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მონიტორინგის სქემით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს.

უწყების ინფორმაციით, თეირანმა ბირთვული ინფრასტრუქტურის პუნქტებზე 27 მონიტორინგის კამერის დემონტაჟი განახორციელა.

ირანმა ფორდოუს და ნათანზის სადგურებზე მაღალი კალიბრის ცენტრიფუგები განათავსა.

სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ირანის ქმედებამ ბირთვულ შეთანხმებას „სასიკვდილო დარტყმა“ შეიძლება მიაყენოს.           

 

მსგავსი სიახლეები