ირანის ციხეში ხანძრის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა მასიური ხანძრის შედეგად, რომელიც თეირანის ევინის ციხეში გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP კვირას, 16 ოქტომბერს ავრცელებს.
ციხეში, სადაც პოლიტპატიმრები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან განთავსებული, 15 ოქტომბერს საღამოს ხანძარი გაჩნდა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს შენობებიდან ამომავალი კვამლი, ისმის სროლები და სიგნალიზაციის ხმა.
ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA იტყობინება, რომ ხანძარი პატიმრების ბუნტის შედეგი იყო, რომლებმაც ცეცხლი წაუკიდეს ციხეს. ამასთან, აღნიშნულია, რომ მეამბოხეები არა პოლიტპატიმრები, არამედ წვრილმანი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები იყვნენ.
კიდევ ერთი სახელმწიფო სააგენტო Tasnim, ირანელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ პოლიტპატიმრები არ მონაწილეობდნენ არეულობებში.
IRNA-ს ცნობით, მეამბოხეები ციხის თანამშრომლებს დაუპირსპირდნენ და ციხის ტანსაცმლის მაღაზია დაწვეს. გვიან საღამოს სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო.
თვითმხილველებმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ციხისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია და შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდა. ციხის შესასვლელთან, მათივე თქმით, პატიმრების ახლობლები შეიკრიბნენ.
IRNA აცხადებს, რომ ციხეში მომხდარ დაპირისპირებას "არანაირი კავშირი არ აქვს" ირანში მასობრივ საპროტესტო აქციებთან.