ირანში რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი დაითხოვეს

ირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი ჰოსეინ ტაები დაითხოვეს.

ტაები ირანში დაზვერვის უწყების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მესვეურად ითვლებოდა.

მას გენერალი მოჰამედ ქაზემი ჩაანაცვლებს, რომელიც კორპუსის კონტრდაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ტაების დათხოვნას ბოლო დროს მაღალი რანგის ირანელი ოფიცრების და მეცნიერების „საეჭვო გარემოებაში“ სიკვდილს უკავშირებენ.

გასულ კვირაში ისრაელის დაზვერვის, მოსადის, პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ თეირანში ტაების მუშაობით უკმაყოფილო არიან და მის თანამდებობიდან ჩამოშორებას აპირებენ.

ივნისის დასაწყისში ირანის სამთავრობო მედიამ ყუდსის ძალების - გუშაგთა ელიტური სამხედრო დანაყოფის - პოლკოვნიკის სიკვდილის შესახებ განაცხადა.

მანამდე თეირანში გუშაგთა კორპუსის გავლენიანი ოფიცერი ჰასან საიდ ხოდაი საცხოვრებელი სახლის წინ ჩაცხრილეს.

ირანმა ხოდაის მკვლელობაში ბრალი ისრაელის სპეცსამსახურებს დადო.

 

სტამბულის ჩაშლილი ტერაქტი               

ტაების დათხოვნამდე ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის სპეცსამსახურებმა 17 ივნისს სტამბულში ირანული დაზვერვის 10 ოფიცერი დააკავეს.     

სავარაუდოდ, ირანელი ჯაშუშები და მათი ადგილობრივი თანამზრახველები ისრაელელი დიპლომატების და ტურისტების გატაცებას გეგმავდნენ.

თურქული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ სამიზნედ გამტაცებლები ისრაელის ყოფილ ელჩს და მის მეუღლეს მოიაზრებდნენ, რომელთა ევაკუაცია მოსადმა მოახერხა.

„არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მსგავს თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ, [ირანს] შესაბამისი სიგნალი გავუგზავნეთ“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ისრაელელ კოლეგასთან ერთად პრეს-კონფერენციაზე.

მსგავსი სიახლეები