ისრაელი: ახლო აღმოსავლეთში ბაიდენის ვიზიტს რეგიონზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს რეგიონზე „მნიშვნელოვანი გავლენა ექნება“.
ლაპიდმა გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბარი გამართა, სადაც ბაიდენის ტურნეს დეტალები განიხილეს.
სამთავრობო კოალიციის დაშლის გამო სავარაუდოდ ლაპიდი ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს და ბაიდენს მთავრობის მეთაურის რანგში უმასპინძლებს.
„ვიზიტს მნიშვნელოვანი შედეგები ექნება რეგიონისთვის, ისევე როგორც ირანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“, განაცხადა მინისტრმა.
ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი აშშ-ს დახმარებით რეგიონული საჰაერო თავდაცვის ალიანსის დაფუძნებას აპირებს.
ბოლო წლებში ირანის მიმართ მტრულად განწყობილი არაბული ქვეყნები ისრაელთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აქტიურად განიხიალვენ.
სავარაუდოდ, ბაიდენი საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის შუამავლობას შეეცდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყანა ტერიტორიული გარიგების სანაცვლოდ ურთიერთობების ნორმალიზაციას აპირებს.
2020 წელს აშშ-ს მედიაციით ისრაელმა და გაერთიანებულმა არაბულმა საამიროებმა აბრაამის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლის ძალითაც რეგიონის ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
საამიროებს მალე შეუერთდნენ ბაჰრეინი, მაროკო და სუდანი.