ისრაელი: ბირთვული შეთანხმების სანაცვლოდ ირანი რევოლუციის გუშაგების ტერორისტების სიიდან ამოღებას ითხოვს
ბირთვული შეთანხმების მისაღწევად ირანი აშშ-სგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ტერორისტების სიიდან ამოღებას მოითხოვს, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
ბენეტს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა ვაშინგტონი ირანის მოთხოვნაზე დათანხმებას.
ისრაელის პრემიერის განცხადებით, აშშ-მ უარი განაცხადა თეირანის სხვა წინაპირობაზე, რაც გაეროს ატომური სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული პროგრამის ინსპექციის შეჩერებას ითვალისწინებდა.
ისრაელი ბირთვული შეთანხმების აღდგენის მოწინააღმდეგეა და განახლებულ ხელშეკრულებას ხანმოკლე მომავალს უწინასწარმეტყველებს.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ბენეტის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
დასავლეთის და ირანის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები „ბოლო სტადიაშია“ და კომპრომისის მიღწევამდე „დღეებია დარჩენილი“.
გუშაგთა კორპუსი ირანის ელიტური სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც 1979 წელს ირანის რევოლუციის შემდეგ აიათოლა ხომეინიმ დააფუძნა.
რევოლუციის გუშაგები ირანის ცენტრალური ხელისუფლებისგან ფართო ავტონომიით სარგებლობენ და საკუთარი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალები გააჩნიათ.
ბირთვული შეთანხმება, რომელიც თეირანის ატომური ამბიციების შეზღუდვას ისახავდა მიზნად, ირანისთვის საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ 2015 წელს გაფორმდა აშშ-ს, ირანს, რუსეთს, ჩინეთს, გერმანიასა და საფრანგეთს შორის.
2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელშეკრულება ცალმხრივად დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია შეთანხმებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა ირანისთვის ბირთვული კონტროლის უფრო მკაცრი მექანიზმების დაწესებას ითხოვს.