ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ლიბანში შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციას გეგმავს
ისრაელის მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ლიბანში შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციას გეგმავს, იერიში შესაძლოა უახლოეს დროში დაიწყოს.
ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ოპერაციის მიზანი საზღვირპირა ზოლში ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურის გაწმენდა და ამგვარად ისრაელის განაპირა დასახლებები უსაფრთხოების უზრუნველყოფაა",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყარო.
შეზღუდული სახმელეთ ოპერაციის მომზადების შესახებ ცნობები გაზეთთან საუბარში დაადუსტრა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმაც.
კონტექსტი
ისრაელის არმია აგრძელებს საავიაციო დარტყმებს ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას პოზიციებზე. გარდა ამისა, პირველად 2006 წლის ომის შემდეგ ისრაელი ცენტრალური ბეირუთი დაბომბა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბანის ტერიტორიაზე რეიდების მიზანი საზღვრისპირა ზოლში ჰეზბოლას საარტილერიო პოზიციებისა და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება იყო. ეს არ არის ისრაელის არმიის პირველი რეიდი უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში - მიმდინარე წლის აპრილში სამხრეთ ლიბანში 4 ისრაელელი ჯარისკაცი დაიჭრა.
რეიდების წინ უძღვის ისრაელის მიერ კონფლიქტის ესკალაცია და ინტენსიური საავიაციო დარტყმები. ქვეყნის ხელმძღვანელობა ლიბანში სახმელეთო ოპერაციის ალბათობაზე მიანიშნებს, ამაზე მიანიშნებს რეზერვისტთა 2 ბრიგადის მობილიზაციაც.
"ჩვენი ჯარი სრულ მზადყოფნაშია იერიშისთვის"- განაცხადა ჩრდილოეთ საზღვარზე განლაგებულ დანაყოფებთან შეხვედრისას ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.
ისრაელის მიერ კონფლიქტის ესკალაციის ფონზე ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილთა რიცხვი 1000-ს აღემატება (არ არის ცნობილი აქედან რამდენია მშვიდობიანი და რამდენი ჰეზბოლას კომბატანტი).
ცენტრალურ ბეირუთზე განხორციელებული დარტყმის მიზანი პალესტინის გათავისუფლების ფრონტის 3 ლიდერი იყო - სამივე მათგანი მოკლულია. სამხრეთ ლიბანში პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკზე საავიაციო დარტყმის შედეგად მოკლულია ჰამასის ლიდერი ლიბანში, ფატეჰ შერიფი.
ისრაელი აგრძელებს ჰეზბოლას უმაღლესი თანამდებობის პირებზე ნადირობას. ლიკვიდირებულები არიან: ჰეზბოლას სამხედრო მეთაური, ფუად შუქრი, ჰეზბოლას ელიტური სპეცრაზმის "რადვანის" მეთაური, იბრაჰიმ აქილი, რაკეტების და დრონების პროგრამის ხელმძღვანელები, ასევე სამხრეთის ფრონტის მეთაური, ალი კარაკი და დაზვერვის უფროსი.
ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ პირველი საჯარ გამოსვლისას ნაიმ ქასემმა პირობა დადო, რომ დაჯგუფება გააგრძელებს ბრძოლას ისრაელთან, "ზოგი ლიდერის დაკარგვის მიუხედავად." ნაემის თქმით, ახალ გენერალურ მდივანს ორგანიზაცია პირველი შესაძლებლობისთანავე აირჩევს.
აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების დე-ესკალაციისკენ მოწოდებების მიუხედავად, ისრაელის პრემიერი ბიბი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ დარტყმები იქამდე გაგრძელდება, სანამ ჩრდილოეთიდან ევაკუირებული 60 ათასი ისრაელელი სახლებში არ დაბრუნდება.
29 სექტემბერს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკვე დაგეგმილი აქვს სატელეფონო საუბარი ნეთანიაჰუსთან. ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის თავიდან აცილება - ბაიდენმა უპასუხა "ეს უნდა შევძლოთ."
ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე ლიბანის არმიის განლაგებისა მზაობა გამოთქვა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნაჯიბ მიკატიმ. მისი თქმით, ლიბანი მზად არის აღასრულოს გაეროს 2006 წლის დადგენილება (1701) და უზრუნველყოს ჰეზბოლასგან თავისუფალი 30-კილომეტრიანი ზონა.