ისრაელს ჰამასთან შეთანხმება სურს, რომლითაც 30-40 ქალი, მოხუცი და ავადმყოფი გათავისუფლდება
ისრაელის ძირითად მედიაშუალებებში სამთავრობო პირებისგან კოორდინირებულად გაჟონა ინფორმაციამ, რომ ისრაელი ჰამასთან მძევლების გაცვლაზე მოლაპარაკების განახლებას ცდილობს.
მათი ცნობით, ისრაელი ცდილობს შეთანხმებაში ქალები და მოხუცები შევიდეს. მას ასევე სურს, რომ ყველა ასაკის ადამიანი, ვინც ფიზიკურად ან ფსიქიურად დაავადებულია, ამ პაკეტით გათავისუფლდეს. ასეთი ადამიანების რაოდენობა შეიძლება ტყვეობაში მყოფი 128-დან 30-40 იყოს.
ისრაელი მზად არის მოლაპარაკება აწარმოოს ცეცხლის შეწყვეტის დღეების რაოდენობაზე, ასევე პალესტინელ ტყვეთა რაოდენობასა და ტიპზე, რომლებსაც მძევლების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ის ასევე მზად არის გააფართოვოს ჰუმანიტარული ზონები, ისევე როგორც დახმარების ოდენობა, რომელსაც ღაზაში შეუშვებს.
მე-12 არხის ცნობით, შეთნახმებაში ასევე შევა დათმობა სამხედრო ფრონტზე, თუმცა, ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის გავრცელება ტელევიზიას სამხედრო ცენზორმა აუკრძალა.
"ისრაელი მზად არის დიდი გზა გაიაროს მძევლების დასაბრუნებლად. შეთანხმება, თუ ის განხორციელდება, რთული იქნება და დიდი ფასის გადახდა იქნება საჭირო. თუმცა, ის ჯერ კიდევ შორს არის და დარწმუნებული არ ვარ, რომ წარმატებას მიაღწევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბურთი ამჟამად შუამავლების მოედანზეა," - განუცხადა მე-12 არხს ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმა.
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ოფიციალური პირები აგრძელებენ ებრაულ მედიაში მძევლების შესახებ მოლაპარაკებებზე დეტალების გაჟონვას, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ არაერთხელ მოუწოდა საზოგადოებას მხოლოდ ოფიციალურ განცხადებებს დაეყრდნონ ამ საკითხთან დაკავშირებით.
წინა შეთანხმებამდე ერთი კვირით ადრე, ნოემბრის ბოლოს, ისრაელის მედიაში ვარაუდობდნენ, რომ შეთანხმება გარდაუვალი იყო, როდესაც ეს ასე არ იყო. ასევე შეთანხმების შინაარსთან დაკავშირებით გავრცელებული ბევრი დეტალი არასწორი აღმოჩნდა.